“ვერანაირი მუქარა და სასჯელი ვერ წაგვართმევს ხმას და ვერ შეგვაჩერებს” – ოკუპირებული აფხაზეთის “სახელმწიფო უნივერსიტეტის” სტუდენტები ბჟანიას ღია წერილით მიმართავენ

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი 20 ნოემბერს “აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის” (АГУ) სტუდენტებს შეხვდა, სადაც ახალგაზრდებთან კომუნიკაცია კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

თუმცა, როგორც ირკვევა, კითხვები წინასწარ იყო მომზადებული და განსახილველად გაგზავნილი.

​ამ ფაქტმა სტუდენტების აღშფოთება გამოიწვია, რომლებმაც ე.წ. პრეზიდენტს ღია წერილით მიმართეს, რომელსაც “კვირა” უცვლელად გთავაზობთ.

“აფხაზეთის ისტორიის მანძილზე სტუდენტები აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ ქვეყანაში მიმდინარე ყველა პროცესში. ომამდელ პერიოდში სწორედ სტუდენტები იყვნენ აფხაზეთის ხალხის ეროვნულ-განმათავისუფლებელი ბრძოლის მამოძრავებელი ძალა, რომლებიც აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ ქვეყნისთვის საბედისწერო ყველა მოვლენაში. მათ გავლენა მოახდინეს პოლიტიკურ შეხედულებებზე და ჩამოაყალიბეს სტუდენტებისა და მთლიანად საზოგადოების ღირებულებები. გუშინდელი სტუდენტები მტერს წითელ ხიდზე გაბედულად და სიმამაცით დახვდნენ.

ნოემბერში აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში აფხაზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ ასლან ბჟანიასა და სტუდენტებს შორის შეხვედრა გაიმართა, რომელიც დაანონსებული იყო, როგორც შესაძლებლობა ქვეყნის მეთაურთან ღია და თავისუფალი საუბრის. თუმცა, რეალობა სხვაგვარი აღმოჩნდა: კითხვები წინასწარ იყო მომზადებული და განსახილველად გაგზავნილი. მოსწავლეებს უკვე შედგენილი სია წარუდგინეს, რაც თავისთავად არ გულისხმობს თავისუფალ და ღია დიალოგს. სიის მიღმა კითხვის დასმის ნებისმიერ მცდელობას თან ახლდა აღშფოთება. მაშინ რა აზრი ჰქონდა ამ კონფერენციას? რატომ დაეშვა ის წარმოდგენის დონეზე? ეს საჩვენებელი შემთხვევაა და არ არის ერთადერთი.

ჯდება თუ არა ეს აფხაზური კულტურის სულისკვეთებაში? არის თუ არა ეს – ცოდნისა და სამართლიანობისადმი წყურვილი? აფხაზ ახალგაზრდობას რომ მხოლოდ მაშინ ელაპარაკა, როდესაც ეს “დაშვებული იყო” და მხოლოდ ის “რაც სიით არის გაწერილი და მორიგეობით”, შევძლებდით თუ არა ჩვენი დამოუკიდებლობის დაცვას? არა.

მივმართავთ რექტორს, დეკანებს, პროფესორ-მასწავლებლებს, ასევე აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის მთელ ადმინისტრაციას, რომ გამოვხატოთ ჩვენი აღშფოთება სტუდენტების მიმართ ისეთი მეთოდების გამოყენების გამო, რომლებიც მათ უფლებებსა და თავისუფლებას ახშობს. ახალგაზრდები ყოველთვის იყვნენ და იქნებიან ქვეყნის მოსახლეობის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური და თავისუფალი ნაწილი. არავითარ შემთხვევაში არ უნდა ჩამოერთვათ ახალგაზრდებს აზრის გამოთქმისა და პოლიტიკურ დიალოგში ღიად მონაწილეობის შესაძლებლობა, რადგან ისინი მომავალში ასეთივე სიმხდალეს გამოავლენენ. არა მხოლოდ შეხვედრებსა და პრესკონფერენციებზე, არამედ მაშინაც, როცა ყველაზე მეტად გვჭირდება გამბედაობა.

გთხოვთ, ჰკითხოთ საკუთარ თავს: რა არის თქვენთვის ნამდვილად მნიშვნელოვანი? მორჩილება თუ გულწრფელი აზრი? სიჩუმე თუ ახალგაზრდობის ხმამაღალი და ნათელი ხმა? თავისუფალ მიწაზე დავიბადეთ და თავისუფლების სულისკვეთებით გავიზარდეთ. და სწორედ უნივერსიტეტს ეკისრება დიდი პასუხისმგებლობა ამ სულისკვეთების განვითარებაში.

მადლობა, თითოეულ პედაგოგს, რომელიც მხარს უჭერს სტუდენტებს მათი უფლებებისა და აზრის დაცვაში. და სირცხვილი ყველა მასწავლებელს, ვინც ამ მცდელობების აღკვეთას ცდილობს.

მაგრამ გახსოვდეთ: ვერანაირი მუქარა და სასჯელი ვერ წაგვართმევს ხმას. ჩვენ ვითხოვთ, თქვენს მხარდაჭერას სისტემის შესაცვლელად, მაგრამ მისი არარსებობაც ჩვენ არ შეგვაჩერებს.

და ამ მნიშვნელოვან დღეს, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მიღების წლისთავზე, გვსურს შეგახსენოთ, რომ ყველა ადამიანის, მათ შორის სტუდენტების უფლებები არ უნდა დაირღვეს ან იყოს უგულებელყოფილი, განსაკუთრებით, უნივერსიტეტის კედლებში.

ჩვენ მოვუწოდებთ ყველას, ვინც არ არის გულგრილი, ხელი მოაწერონ ამ მიმართვას მიმდინარე პრაქტიკის წინააღმდეგ, რომელიც ზღუდავს სტუდენტების თავისუფალ აზროვნებას”, – ნათქვამია ღია წერილში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები