ოკუპირებულ აფხაზეთში USAID-ის ახალი პროექტები აღარ განხორციელდება, ორგანიზაციის ხელმძღვანელი კი პერსონა ნონ გრატად გამოცხადდა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო USAID-ის მიერ ნაწილობრივ ან სრულად დაფინანსებული ახალი პროექტების სერტიფიცირებას აღარ მოახდენს.

ამის შესახებ ე.წ. მინისტრმა, ინალ არძინბამ განაცხადა.

გარდა ამისა, USAID-ის კავკასიაში რეგიონული ხელმძღვანელი, ჯონ პენელი პერსონა ნონ გრატად გამოცხადდა.

ე.წ. რესპუბლიკაში ასევე აიკრძალა იმ პროექტების განხორციელება, რომლებიც მიმართულია “აფხაზეთისა და საქართველოს მოქალაქეებს შორის კონტაქტების დამყარებისკენ”.

არძინბას თქმით, “აფხაზეთში მოქმედი გაეროს სააგენტოები საგარეო საქმეთა სამინისტროს მცდარ ინფორმაციას აწვდიან თავიანთი პროექტების მიზნების შესახებ, რათა შეიქმნას საზოგადოებრივი პირობები აფხაზეთში ქართული პოლიტიკის პოპულარიზაციისთვის”.

როგორც არძინბამ აღნიშნა, ამას ადასტურებს USAID-ის ოფიციალური სტრატეგია, რომელიც სააგენტოს ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

მისი თქმით, “ამ დოკუმენტში აფხაზეთი განიხილება „საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიად“ და ყველა აქტივობა მიმართულია „ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა“ და „კრემლის მავნე გავლენის წინააღმდეგ საბრძოლველად“.

არძინბას თქმით, გაეროს განვითარების პროგრამა აფინანსებს აფხაზური არასამთავრობო ორგანიზაციების ინიციატივებს აშშ-ს მილიონობით დოლარად.

ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელის თქმით, USAID-ის მექანიზმებით უკრაინის შეიარაღებული ძალების დაფინანსება გრძელდება, რომელიც მიმართულია “რესპუბლიკის მთავარი მოკავშირის – რუსეთის წინააღმდეგ და აფხაზეთის იმ მოქალაქეების წინააღმდეგ, რომლებიც სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში მონაწილეობენ. პარალელურად, ზუსტად იგივე დასავლური სტრუქტურები ახორციელებენ, თითქოს, ჰუმანიტარულ პროექტებს რესპუბლიკის ტერიტორიაზე”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები