აშშ-ის სამოქალაქო ომის ისტორია და იშვიათი ფოტოები

ამერიკის სამოქალაქო ომი (1861-65), სხვა სიტყვებით –  ომი ჩრდილოეთის ინდუსტრიულ შტატებსა და სამხრეთის მონათმფლობელურ შტატებს შორის. სამხრეთის თერთმეტი მონათმფლობელური შტატი აშშ-ს გამოეყო და ამერიკის შტატების კონფედერაცია ჩამოაყალიბა. ჯეფერსონ დეივისის მეთაურობით, ეს შტატები აშშ-ის ფედერალური მთავრობის წინააღმდეგ იბრძოდა. ფედერალურ მთავრობას მხარს უჭერდა ყველა თავისუფალი შტატი და მათი მოსაზღვრე ხუთი მონათმფლობელი შტატი.

1860 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკური პარტია, აბრაამ ლინკოლნის ხელმძღვანელობით, მოუწოდებდა მონათმფლობელობის გავრცელების შეზღუდვაზე იმ შტატების გარეთ, სადაც ის უკვე არსებობდა. რესპუბლიკელთა გამარჯვებამ არჩევნებში გამოიწვია შვიდი სამხრეთის შტატის კავშირიდან გასვლა, 1861 წლის 4 მარტს ლინკოლნის პრეზიდენტის პოსტზე ასვლამდე. არჩევნებამდელმა და არჩევნების შემდგომმა ადმინისტრაციებმა უარყვეს ამ შტატების კავშირიდან გასვლის ლეგიტიმურობა და ის აჯანყებად მიიჩნიეს.

1861 წლის 8 თებერვალს 11-მა მონათმფლობელურმა შტატმა (34 შტატიდან) დააფუძნა ახალი სახელმწიფო, ამერიკის კონფედერაციული შტატები, რომლის დედაქალაქიც იყო რიჩმონდი. 4 მარტის საინაუგურაციო სიტყვაში პრეზიდენტი ლინკოლნი დაჰპირდა სამხრეთის შტატებს, რომ ძალადობრივად არ გააუქმებდა მათ ტერიტორიაზე მონობას და მოუწოდა, შეეწყვიტათ გამოყოფის პროცესი. მიმართვამ შედეგი ვერ გამოიღო. ლინკოლმა და კონფედერაციის პრეზიდენტმა, ჯეფერსონ დევისმა, სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადეს. პირველი შეტაკებები მოხდა ჩარლსტონის პორტში. ომის პირველ წლებში სამხრეთი ხშირად იმარჯვებდა ბრძოლებში, მაგრამ ნელ-ნელა ჩრდილოეთმა (მათ კავშირს – union-ს უწოდებდნენ) მოიპოვა უპირატესობა. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ბრძოლა გაიმართა გეთისბერგთან, 1863 წლის ივნისში, სადაც სამხრეთელები დამარცხდნენ. შემდგომში კი დაკარგეს ატლანტა და რიჩმონდი. 1865 წლის 9 აპრილს კონფედერაციის მთავარსარდალი, გენერალი რობერტ ლი, იძულებული გახდა დანებებოდა კავშირის მთავარსარდალს, ულის გრანტს. სამოქალაქო ომი ჩრდილოეთის გამარჯვებით დასრულდა. ამ ომის შემდგომ კი კონსტიტუციაში შევიდა მეცამეტე დამატება და აიკრძალა მონობა ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე.

სამხედრო შეტაკებები დაიწყო ბრძოლით ფორტ სამტერთან 1861 წლის 12 აპრილს და დასრულდა 1865 წლის 26 მაისს სამხრეთელთა არმიის ნარჩენების კაპიტულაციით. ომის პერიოდში სულ, დაახლოებით, 2 ათასამდე ბრძოლა გაიმართა. დანაკარგთა საერთო რაოდენობამ ორივე მხარეს შეადგინა 600 ათასი მოკლული და 281.9 ათასი დაჭრილი, რაც აღემატება ყველა სხვა ომს, რომელშიც აშშ-ს მონაწილეობა მიუღია.

ეს იშვიათი ფოტოები სწორედ სამოქალაქო ომის დროსაა გადაღებული:

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები