ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 59-ე რაუნდი დღეს იწყება

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მორიგი, რიგით 59-ე რაუნდი დღეს, 5 დეკემბერს იწყება.

ოკუპირებული ტერიტორიების წარმომადგენლების მხრიდან დიალოგის მთავარი საკითხია – ცეცხლის გამოუყენებლობის შესახებ დოკუმენტის ხელმოწერა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მიხეილ გალუზინმა დისკუსიებში დელეგაციების ხელმძღვანელებთან – ოკუპირებული აფხაზეთის მხრიდან ირაკლი ტუჟბასთან და ე.წ.სამხრეთ ოსეთის წარმომადგენელთან – კონსტანტინე კოჩიევთან აქტუალური საკითხები განიხილა.

„სასაზღვრო ზონაში ბოლო პროვოკაციების გათვალისწინებით, ხაზი გაესვა სოხუმსა და ცხინვალთან მიმართებით თბილისის მიერ ძალის გამოუყენებლობის იურიდიულად სავალდებულო გარანტიების სწრაფად შემუშავების აუცილებლობას, ასევე, დელიმიტაციის პროცესის დაწყებას”, – ნათქვამია განცხადებაში.

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების (GID) ფორმატი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ ჩამოყალიბდა. მოლაპარაკებები იმართება ეუთოს, ევროკავშირისა და გაეროს ხელმძღვანელობით 2008 წლის კონფლიქტის მონაწილე მხარეების – საქართველოსა და რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლებს შორის. მოლაპარაკებებში ასევე ჩართულნი არიან აშშ-ის წარმომადგენლები და წარმომადგენლები ოკუპირებული აფხაზეთიდან და ე.წ.სამხრეთ ოსეთიდან. ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები მიმდინარეობს ორ სამუშაო ჯგუფში: პირველში განიხილავენ უსაფრთხოების საკითხებს, ხოლო მეორეში – ჰუმანიტარულ თემებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები