როგორ დავეხმაროთ შვილებს პროფესიის არჩევაში?
როგორ დავეხმაროთ შვილებს პროფესიის არჩევაში იმისთვის, რომ მათ თვითრეალიზება გავუადვილოთ? როგორც აღმოჩნდა, ეს არცთუ ისე მოკლევადიანი პროცესია, რადგან, ფსიქოლოგების აზრით, იმისთვის, რომ შვილებს სპეციალობის შერჩევა გავუადვილოთ, ზრუნვა ადრეული ასაკიდან, თითქმის დაბადებიდან უნდა დავიწყოთ.
„კვირა“ ფსიქოლოგ მარინა ტარასაშვილსა და თამუნა ლიპარტელიანს ესაუბრა. ისინი ერთგვაროვნად აღნიშნავენ, რომ მოზარდზე ზეწოლა და მისი ინტერესების უგულებელყოფა მიუღებელია, თუმცა გარკვეული მეთოდებით მათ უნდა დავეხმაროთ.
ფსიქოლოგ მარინა ტარასაშვილის თქმით, ადამიანის განვითარება დაბადებიდან იწყება, ამიტომ, თუ მშობელი ბავშვს განვითარებაში თავიდანვე დაეხმარა, მაშინ მას მომავალში საკუთარი უნარებისა და სფეროს აღმოჩენა არ გაუჭირდება.
„განვითარება იწყება დაბადებიდანვე. თუ ეს პროცესი სწორად წარიმართა და მშობელი შვილს განვითარებაში თავიდანვე ეფექტურად დაეხმარა, მაშინ მას არჩევანის გაკეთება არ უნდა გაუჭირდეს. თვითგამორკვევაში დახმარება ყველა ასაკში სხვადასხვანაირად არის საჭირო. როცა ბავშვი უკვე საკმაოდ დიდი, 17-18 წლის არის და პროფესია უნდა აირჩიოს, მას უკვე უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, თავისი ინტერესები თავადვე განსაზღვროს, იცოდეს, რა უნდა. პროფესიის არჩევისას მშობლის ჩარევა კატეგორიული არ უნდა იყოს. მოზარდის ინტერესებს უნდა გაუწიოს ანგარიში და არ უნდა უგულებელყოს ის“, – აღნიშნავს ტარასაშვილი.
გარდა ამისა, ფსიქოლოგების აზრით, მოზარდისთვის გარკვეული სპეციალობის დაინტერესების მიზნით ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური მეთოდი ინფორმაციის მიწოდებაა. „მშობელმა უნდა აუხსნას, რას ნიშნავს თითოეული პროფესია, რა შეიძლება იყოს ის მომავალში და სად შეუძლია მუშაობა არჩეული გზით. შესაძლოა, ჩვენს შვილს რომელიმე პროფესიაზე ბუნდოვანი წარმოდგენა ჰქონდეს, ან რომელიმე სპეციალობას აიდიალებდეს და ის რეალობას არ შეესაბამებოდეს. ხშირია შემთხვევა, როდესაც მშობელი პრაგმატული ინტერესებით ხელმძღვანელობს და თვლის, რომ იურისტობა მომგებიანია, რადგან კარგ სამსახურს იშოვი, მაგრამ, შესაძლოა, მოზარდს არ აინტერესებდეს ეს პროფესია“, – ამბობს მარინა ტარასაშვილი.
ფსიქოლოგი თამუნა ლიპარტელიანიც კარგ საშუალებად მიიჩნევს შვილის ინფორმირებას სხვადასხვა პროფესიის შესახებ. მისი განმარტებით, შვილებს უნდა დავანახვოთ, მაგალითად, რატომ არის კარგი, უკრავდეს ფორტეპიანოზე, მივაწოდოთ ინფორმაცია, თუ რას ნიშნავს იყო ეკონომისტი, იმუშაო პოლიციელად, ან გახდე მხატვარი. ამასთან, მისივე თქმით, პროფესიით ბავშვი თავად უნდა მოიხიბლოს, რჩევის მიცემისას მას არ უნდა ვუთხრათ, რომ ყველას მოსწონს პიანისტი, ამიტომ მან ეს უნდა აკეთოს.
„საუკეთესო საშულებაა, გარკვეული პროფესიის შესახებ მეტი ინფორმაციის მოპოვებაში დაეხმაროს. მიახვედროს, რამდენად მისაღებია მისთვის რაიმე ტიპის სამუშაო და რა ელის, თუ ის ამ საქმიანობით იქნება დაკავებული. ინფორმაციის მისაღებად არსებობს სხვადასხვა საშუალება. მაგალითად, ვებგვერდები, სადაც შესაძლებელია საბაზისო ინფორმაციის მიღება სხვადასხვა პროფესიის შესახებ. თვითგამორკვევაში ხელს შეუწყობს ინფორმაცია, რის მოპოვებაშიც უნდა დაეხმაროს მშობელი. მათ შვილები უნდა გაარკვიონ, თუ რას ნიშნავს იმუშაო ეკონომისტად, პოლიციელად, თუ იყო მხატვარი. პირველ რიგში, მათ უნდა დაანახვონ, მაგალითად, რატომ არის კარგი, რომ უკრავდე ფორტეპიანოზე და რითი შეიძლება მოიხიბლო, როცა ფორტეპიანოზე უკრავ. ეს უნდა იყოს ბუნებრივი. კარგია ფორტეპიანოზე დაკვრა, იმიტომ, რომ ყველას მოსწონს, თუ შენ ეს სიამოვნებას განიჭებს? თუ ეს ბავშვისთვის ტანჯვა-წამებაა, მაშინ უარყოფითი დამოკიდებულება გაუჩნდება, არ წავა ამ მიმართულებით, როდესაც შესაძლოა, იძულების გარეშე თვითონ მოენდომებინა და აერჩია ეს სფერო“, – განმარტავს თამუნა ლიპარტელიანი.
ფსიქოლოგი ასევე აღნიშნავს, რომ რეკომენდებულია, შვილებმა ადრეული ასაკიდან სხვადასხვა სფეროში მოსინჯონ საკუთარი თავი, რომ გამოერკვენ, რა მოსწონთ, თუმცა ის კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ ეს არ უნდა გაკეთდეს ძალდატანებით.
„რეკომენდებული არის, მაგრამ ეს არ უნდა იყოს იძულებით. თუ ბავშვი ამბობს, რომ მე ეს მაინტერესებს და სურვილი მაქვს, ვიარო კინემატოგრაფიის წრეზე, მშობელმა ყველანაირად უნდა შეუწყოს ხელი. რაზეც ის თვითონ გამოხატავს ინტერესს, იმ მიმართულებით უნდა შევუწყოთ ხელი. შესაძლებელია დააკვირდეს და მშობელმა დაინახოს, რა აინტერესებს ბავშვს მისი სურვილის გამოთქმის გარეშე და დაეხმაროს მიმართულების შერჩევაში, სადაც ის საჭირო უნარის უკეთ განვითარებას მოახერხებს“, – აღნიშნავს ფსიქოლოგი.