ნინო ლაცაბიძე: პროგრამამ ,,მართე შენი ქალაქი” ახალგაზრდებში დიდი ინტერესი გამოიწვია – პროექტის მიზანი, თვითმმართველობის მუშაობაში ახალგაზრდების აქტიური ჩართვაა

რუსთავის მერიაში, ქალაქის მერის ნინო ლაცაბიძის მიერ ინიციირებული პროგრამის – „მართე შენი ქალაქი” მეხუთე ეტაპი დასრულდა.
ნინო ლაცაბიძე პროგრამაში ჩართულ სტუდენტებს შეხვდა. შეხვედრაზე, ახალგაზრდებმა ერთთვიანი სტაჟირების შედეგები შეაჯამეს და ნინო ლაცაბიძეს საკუთარი შთაბეჭდილებები გაუზიარეს. შეხვედრას ახალგაზრდული დეპარტამენტის ხელმძღვანელი ანელი ჩხარტიშვილიც ესწრებოდა.
,,პროგრამამ ,,მართე შენი ქალაქი” ახალგაზრდებში დიდი ინტერესი გამოიწვია და ეს ძალიან მახარებს. პროექტის მიზანი, თვითმმართველობის მუშაობაში ახალგაზრდების ჩართვაა.  ჩვენმა ახალგაზრდებმა რაც შეიძლება მეტი უნდა შეიტყონ ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ. სიმბოლურად, ამ პროგრამას,  ,,მართე შენი ქალაქი” დავარქვით. ძალიან ბევრს გაუჩნდა ქალაქის განვითარების სხვადასხვა მიმართულებაში ჩართვის სურვილი და სწორედ, ამ პროგრამის მეშვეობით, მათ აქვთ დღეს შესაძლებლობა, რომ კიდევ უფრო მეტი ინფორმაცია მიიღონ და დეტალურად გაეცნონ მერიისა და მერიის ყველა სამსახურის საქმიანობას”, – განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.
ქალაქის მერმა პროექტის მეხუთე ეტაპის მონაწილე  სტუდენტებს სტაჟირების პროგრამით დაინტერესებისთვის მადლობა გადაუხადა და სერტიფიკატებთან ერთად, სიმბოლური საჩუქრებიც გადასცა.
პროგრამა – „მართე შენი ქალაქი”, რუსთავის მერიამ გასული წლის თებერვალში დაიწყო. პროგრამის მონაწილე  რუსთაველი სტუდენტები, მერიის სამსახურებში განხორციელებულ რეფორმებს, მუშაობის სპეციფიკას და ახალ მუნიციპალურ სერვისებს, ადგილზე ეცნობიან.
რუსთავის მერია ახალგაზრდების წახალისებისა და ეკონომიკური გაძლიერების მიზნით, რამდენიმე პროგრამას ახორციელებს, მათ შორის აფინანსებს ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის წარჩინებული სტუდენტების სწავლის საფასურს, მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობას. წარჩინებულ სტუდენტებს, კი რუსთავი-თბილისის მიმართულებით მგზავრობისთვის,  ყოველთვიურად გარკვეული თანხა ერიცხებათ.
2023 წელს, რუსთავის მერიამ კიდევ ერთი ახალი პროგრამა – ,,ახალი სიმწვანე” დაიწყო, რომელიც სტუდენტებზე მორგებული გრაფიკით, ,,რუსთავსერვის ცენტრში” მათ ანაზღაურებად ერთთვიან დასაქმებას ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები