ფესტივალზე „ევროპალია-საქართველო“ ბელგიაში, ლიეჟის ლე დრაპიეს საგამოფენო დარბაზში აბრეშუმის მუზეუმის კოლექციისა და ხელოვან თამუნა ჭაბაშვილის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა

ფესტივალ „ევროპალია-საქართველოს“ ფარგლებში, საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, ბელგიის ქალაქ ლიეჟის ლე დრაპიეს საგამოფენო დარბაზში მიმდინარეობს აბრეშუმის მუზეუმის კოლექციისა და ხელოვან თამუნა ჭაბაშვილის ნამუშევრების გამოფენა. ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

“გამოფენა 14 ოქტომბერს გაიხსნა და 16 დეკემბრამდე გაგრძელდება. ექსპოზიცია 1 დეკემბერს დაათვალიერა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს წარმომადგენელმა მაგდა გურულმა. გამოფენაზე წარმოდგენილი 143 ექსპონატი – აბრეშუმის პარკების, ქსოვილებისა და ძაფების ნიმუშები საქართველოში მეაბრეშუმეობის განვითარებას ასახავს. გამოფენის კონცეფციისა და დიზაინის ავტორია ბელგიელი მხატვარი ჟან-ლუკ პეტი.

მუზეუმმა წარადგინა ვიზუალური ხელოვნების ოსტატის, თამუნა ჭაბაშვილის, ორი ნამუშევარიც – „მოსაჩითი ნიმუშების წიგნი“ და „მოსასხამი“. ეს სხვადასხვა ბეჭდვის ტექნიკით შესრულებული ქსოვილის ინსტალაციაა, რომელიც აბრეშუმის მუზეუმის არქივით, მათ შორის – საბჭოთა პერიოდის ქსოვილებით არის შთაგონებული და სპეციალურად გამოფენისთვის შეიქმნა.

როგორც ცნობილია, საქართველოს მთავრობის მხარდაჭერითა და „ევროპალია-საქართველოს“ ეგიდით, მიმდინარე წლის 4 ოქტომბრიდან 2024 წლის თებერვლის ჩათვლით, ბელგიასა და მის მოსაზღვრე ქვეყნებში 60-ამდე მასშტაბური და მრავალფეროვანი ღონისძიება იმართება. ევროპის საზოგადოებას ოთხი თვის განმავლობაში შეუძლია ნახოს ეროვნული საგანძურის ორი მასშტაბური და ისტორიული მნიშვნელობის გამოფენა – „ავანგარდი საქართველოში – 1900-1936“ (ბრიუსელის ნატიფი ხელოვნების ცენტრ „ბოზარში“) და „საქართველო – შეხვედრების ადგილი“ (ბრიუსელის ისტორიისა და ხელოვნების სამეფო მუზეუმში).

ფესტივალ „ევროპალია-საქართველოს“ უდიდესი მნიშვნელობა აქვს საქართველოს ევროპული მომავლისთვის და ევროკავშირის კანდიდატი წევრის სტატუსის მოპოვების გზაზე.
საფესტივალო პროგრამა იხილეთ ბმულზე:
https://europalia.eu/en/europalia-georgia/europalia-georgia-programme.

ღონისძიების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://europalia.eu/en. “,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები