NYT: “იერიქონის კედელი” – ისრაელმა “ჰამასის” გეგმის შესახებ ერთი წლის წინ იცოდა

ისრაელის ხელისუფლებამ დაზვერვისგან ჯერ კიდევ ერთი წლის წინ მიიღო ის გეგმა, რომლის მიხედვითაც “ჰამასმა” 7 ოქტომბრის თავდასხმა განახორციელა, თუმცა, ის ზედმეტად არარეალისტურად მიიჩნია, ხოლო ტერორისტების შანსები შეფასდა, როგორც “უმნიშვნელო”.

ამის შესახებ ამერიკული გაზეთი – The New York Times-ი ელექტრონულ წერილებსა და ინტერვიუებზე დაყრდნობით წერს, რომელსაც გამოცემის ჟურნალისტები გაეცნენ.

უპირველეს ყოვლისა, საუბარია გეგმაზე, სახელწოდებით „იერიქონის კედელი“, რომელშიც 40 გვერდზეა გაწერილი 7 ოქტომბრის თავდასხმის დეტალები. ამასთან, ამ დოკუმენტში არ არის დაკონკრეტებული თავდასხმის თარიღი, თუმცა, დეტალურად არის აღწერილი, თუ როგორ უნდა გადალახონ ტერორისტებმა ისრაელის სიმაგრეები ღაზას სექტორის პერიმეტრზე, ასევე დაიპყრონ ისრაელის ქალაქები და საკვანძო სამხედრო ბაზები, მათ შორის, ისინიც, სადაც ისრაელის თავდაცვის ძალების შტაბებია განლაგებული.

NYT წერს, რომ “ჰამასი” “იერიქონის კედლის” გეგმას სიზუსტით მიჰყვებოდა.

“დოკუმენტი მოიცავდა თავდასხმის დასაწყისშივე რაკეტების იერიშს, დრონების გამოყენებით საზღვარზე სათვალთვალო კამერების და ავტომატური ტყვიამფრქვევის განეიტრალებას და ბოევიკების მასობრივ შეღწევას ისრაელში პარაპლანებით, მოტოციკლებითა და ფეხით – ეს ყველაფერი 7 ოქტომბერს მოხდა”, – წერს გამოცემა.

გეგმა ასევე შეიცავდა დეტალებს ისრაელის სამხედრო ძალების მდებარეობისა და რაოდენობის შესახებ, საკომუნიკაციო ცენტრებისა და სხვა კონფიდენციალურ ინფორმაციას, რაც აჩენს კითხვებს იმის შესახებ, თუ როგორ მოაგროვა “ჰამასმა” სადაზვერვო მონაცემები, ხომ არ მოხდა გაჟონვა ისრაელის უსაფრთხოების ძალებიდან.

NYT აღნიშნავს, რომ “ჰამასის” გეგმა აქტიურად ცირკულირებდა ისრაელის სამხედრო და სადაზვერვო ხელმძღვანელობაში, მაგრამ ექსპერტებმა დაასკვნეს, რომ ასეთი გეგმის განხორციელება “ჰამასის” შესაძლებლობებს სცილდება.

„გაურკვეველია, ნახა თუ არა ეს გეგმა პრემიერმინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ან სხვა პოლიტიკურმა ლიდერებმა“, – ნათქვამია სტატიაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები