ციხეში მოკლული კორტავას საქმესთან დაკავშირებით პროკურატურა განცხადებას ავრცელებს
ლევან კორტავას გარდაცვალების საქმეზე სასამართლომ ექვსი პირი დამნაშავედ ცნო. როგორც მთავარ პროკურატურაში განმარტავენ, გამოძიებამ დაადგინა, რომ ლაშა კვანტალიანმა, შოთა სინაურიძემ, გელა უშხვანმა, გიორგი შემაზაშვილმა, სოლომონ დაშნიანმა, ნუგზარ ბუჩუაძემ და თეიმურაზ გურეშიძემ, ე.წ. „კრიმინალური ავტორიტეტისათვის“ ხელის დარტყმის გამო, „ქურდულ სამყაროში“ დამკვიდრებული წესების შესაბამისად, მკაცრად დასჯის მიზნით, ხელებითა და ფეხებით, ასევე ელექტროჩაიდანისა და ვენტილატორის მყარი დეტალის გამოყენებით, განსაკუთრებული სისასტიკით, გონების დაკარგვამდე, ჯგუფურად სასტიკად სცემეს პატიმარი ლევან კორტავა. მათივე თქმით, კორტავამ, აღნიშნულის შედეგად მიიღო მრავლობითი ნაჭდევები და სისხლნაჟღენთები შუბლის, ორივე თვალბუდის, მარჯვენა საფეთქლის და ცხვირის მიდამოში, სისხლჩაქცევებით ქალას რბილი საფარის ქსოვილში, რბილ გარსებში და თავის ტვინის ნივთიერება.
„ქუთაისის საქალაქო სასამართლომ, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის გეგუთის N14 დაწესებულების მსჯავრდებულ ლევან კორტავას გარდაცვალების ფაქტზე, ცემის, სასიკვდილო შედეგით დასრულებული ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და ქურდული სამყაროს წევრობისთვის, ექვსი პირი დამნაშავედ ცნო.
ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ 2013 წლის 12 მაისს, სად-ის N14 დაწესებულებაში, კრიმინალურმა ავტორიტეტებმა, ქურდული წესების მიმდევრებმა ლაშა კვანტალიანმა, შოთა სინაურიძემ, გელა უშხვანმა, გიორგი შემაზაშვილმა, სოლომონ დაშნიანმა, ნუგზარ ბუჩუაძემ და თეიმურაზ გურეშიძემ, ე.წ. „კრიმინალური ავტორიტეტისათვის“ ხელის დარტყმის გამო, „ქურდულ სამყაროში“ დამკვიდრებული წესების შესაბამისად, მკაცრად დასჯის მიზნით, ხელებითა და ფეხებით, ასევე ელექტროჩაიდანისა და ვენტილატორის მყარი დეტალის გამოყენებით, განსაკუთრებული სისასტიკით, გონების დაკარგვამდე, ჯგუფურად სასტიკად სცემეს პატიმარი ლევან კორტავა, რომელმაც განხორციელებული ძალადობის შედეგად მიიღო მრავლობითი ნაჭდევები და სისხლნაჟღენთები შუბლის, ორივე თვალბუდის, მარჯვენა საფეთქლის და ცხვირის მიდამოში, სისხლჩაქცევებით ქალას რბილი საფარის ქსოვილში, რბილ გარსებში და თავის ტვინის ნივთიერებაში, ასევე მიიღო ცხვირის ძვლის ხაზოვანი მოტეხილობა.
2013 წლის 23 მაისს, ლევან კორტავა მასზე განხორციელებული ძალადობით ქალა-ტვინის დახურული ტრავმის შედეგად განვითარებული ტვინის მკვეთრად გამოხატული შუშუპებისა და დარბილების გამო, გონზე მოუსვლელად გარდაიცვალა. ლევან კორტავას გარდაცვალების საქმეში მონაწილე პირები პასუხისგებაში მიეცნენ სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით, 117-ე მუხლის მეხუთე და მეექვსე ნაწილებითა და 2231 მუხლის პირველი ნაწილით. ქუთაისის საქალაქო სასამართლომ, განაჩენთა ერთობლიობით, ლაშა კვანტალიანს, შოთა სინაურიძეს, გელა უშხვანს და სოლომონ დაშნიანს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა თეიმურაზ გურეშიძეს, ნუგზარ ბუჩუაძეს კი სასამართლომ 20 წელი შეუფარდა. აღნიშნულ პირებს ასევე დაეკისრათ ფულადი ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით.
საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლომ 2014 წლის 1 მაისს ლევან კორტავას გარდაცვალებაში მონაწილე კიდევ ერთი ბრალდებული – გიორგი შემაზაშვილი, დამნაშავედ ცნო და მას 11 წლით თავისუფლების აღკვეთა და 2000 ლარის ოდენობით ჯარიმა შეუფარდა. ქუთაისის საქალაქო სასამართლოში, საქართველოს სსკ-ის 332-ე და 375-ე მუხლებით – სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და დანაშაულის დაფარვის ბრალდებით, გრძელდება სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N14-ე დაწესებულების ყოფილი თანამშრომლების სისხლის სამართლის საქმის განხილვა“, – აღნიშნავენ პროკურატურაში.