ესპანეთის პრემიერ-მინისტრი ღაზაში „გენოციდის“ გამო ისრაელის დასჯას მოითხოვს

ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა ღაზაში ისრაელის ქმედებები კიდევ ერთხელ ღიად გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ტერიტორია „კატასტროფულ გენოციდურ სიტუაციაშია“.

სანჩესმა ევროკავშირს მოუწოდა, რომ ისრაელთან ურთიერთობების მარეგულირებელი შეთანხმება დაუყოვნებლივ შეაჩეროს.

ბრიუსელში ევროკავშირის სამიტის წინ ჟურნალისტებთან საუბრისას მან ახსენა ადამიანის უფლებების შესახებ ევროკავშირის ბოლო დიპლომატიური ანგარიში, რომელშიც, მისი თქმით, აღწერილია „ღაზაში მიმდინარე კატასტროფული გენოციდური სიტუაცია“.

გასულ კვირას გამოქვეყნებულ ანგარიშში მოცემულია მტკიცებულებები, რომ ისრაელი არღვევს ადამიანის უფლებების დაცვის შესახებ ასოცირების შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს, რომელიც საფუძვლად უდევს ევროკავშირთან სავაჭრო ურთიერთობებს.

ტექსტში ნახსენებია ისრაელის მიერ ჰუმანიტარული დახმარების დაბლოკვა, მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლის დიდი რაოდენობა, ჟურნალისტებზე თავდასხმები და ომის შედეგად გამოწვეული მასიური გადაადგილება და ნგრევა.

სანჩესის თქმით, „ცხადია“, რომ ისრაელი არღვევს თავის ვალდებულებებს და ევროკავშირმა „დაუყოვნებლივ“ უნდა შეაჩეროს თანამშრომლობის შეთანხმება.

„აბსურდულია, რომ ბლოკმა რუსეთის წინააღმდეგ უკრაინაში შეჭრის გამო სანქციების მე-18 რაუნდი დააწესა, მაგრამ ორმაგი სტანდარტების გამო [ისრაელთან] ასოცირების შეთანხმების შეჩერებაც კი არ შეუძლია“, – განაცხადა მან.

აღსანიშნავია, რომ გასულ თვეში ისრაელმა ესპანეთის ელჩი დაიბარა მას შემდეგ, რაც სანჩესმა ისრაელი „გენოციდურ სახელმწიფოდ“ მოიხსენია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები