“გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია გრიპის პრევენციის თვალსაზრისით ერთადერთი რეალური შესაძლებლობაა” – ივანე ჩხაიძე
იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელის, „იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს“ სამედიცინო დირექტორის, თსსუ-ის პროფესორის, ივანე ჩხაიძის განცხადებით, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია გრიპის პრევენციის თვალსაზრისით ერთადერთი რეალური შესაძლებლობაა.
ამის შესახებ ჩხაიძემ მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
“სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრილთა ზუსტი რაოდენობა ჩემთვის ცნობილი არ არის. საქართველოში 200 000 დოზა არის შემოტანილი რისკჯგუფებისთვის. ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, რომ აცრებისთვის იდეალური პერიოდი ოქტომბერი და ნოემბრის დასაწყისია, თუმცა ახლა, თუ გავითვალისწინებთ იმას, გრიპის შემთხვევა ძალიან ცოტაა, ნოემბრის ბოლოსაც ვაქცინაციის ჩატარება უკვე დროულად მიიჩნევა, ვინაიდან ვაქცინაციის ჩატარებიდან ორი კვირის შემდეგ ორგანიზმის მაქსიმალური დაცულობა იწყება, ეს ორი კვირა, საბედნიეროდ, ახლა გვაქვს. ყველა იმ ადამიანს, ვინც რისკის ჯგუფს მიეკუთვნება, ეს არის 60 წელს გადაცილებული მოსახლეობა, დიაბეტის მქონე, ქრონიკული დაავადების მქონე პირები, ორსულები, კიდევ ერთხელ უნდა შევახსენოთ, რომ გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია არის ერთადერთი რეალური შესაძლებლობა გრიპის პრევენციის თვალსაზრისით. ქვეყანას ამის შესაძლებლობა აქვს. უფასო ვაქცინები რისკის ჯგუფებისთვისაა გამოყოფილი, ძალიან კარგი იქნება, თუ ეს ადამიანები ამ შესაძლებლობას გამოიყენებენ.
ქვეყანაში ორი ტიპის ვაქცინა არის შემოსული: ფრანგული და ჰოლანდიური, რომელიმეს სანდოობაში ეჭვის შეტანა, მსუბუქად რომ ვთქვათ, ნაკლები ინფორმირებულობაა, ვინაიდან ორივეს ვაქცინა ერთი ტიპის არის, ოთხი ტიპის გრიპის ვირუსის წინააღმდეგ გვიცავს. ორივე ვაქცინა ევროპული სერტიფიკატის მქონეა, ორივე ვაქცინა რეკომენდებულია სხვადასხვა საერთაშორისო სტრუქტურების, მათ შორის “ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის” მიერ. ასე რომ, ასეთი ემოციურია შეფასება, რომ რადგან უფასოა, არის ნაკლებად ხარისხიანი, ეს აბსოლუტურად არასწორი ინფორმაციაა“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.