“ბოლო ორი კვირაა, ქვეყანაში კორონავირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევები არ დაფიქსირებულა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ არის” – ივანე ჩხაიძე

იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელის, „იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს“ სამედიცინო დირექტორის, თსსუ-ის პროფესორის, ივანე ჩხაიძის თქმით, ბოლო ორი კვირაა, ქვეყანაში კორონავირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევები არ დაფიქსირებულა.

ამის შესახებ ჩხაიძემ მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

“ბოლო ორი კვირაა, ქვეყანაში კორონავირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევები არ დაფიქსირებულა. ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ არის, მაგრამ ძალიან ცოტაა. მსოფლიო სტატისტიკას თუ გადავხედავთ, წინა კვირას კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების თვალსაზრისით ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი იყო. 24 ნოემბერს მსოფლიოში კორონავირუსის მხოლოდ 15 000 შემთხვევა იყო, მაშინ როდესაც საქართველოში გვქონდა პერიოდი, როცა 1 დღის განმავლობაში 26 000 შემთხვევა ფიქსირდებოდა. ამ ვირუსის გააქტიურების, ახალი მუტაციის გამოჩენის რაღაც საშიშროება უახლოესი პერიოდის განმავლობაში, რა თქმა უნდა, არაა”, – განაცხადა ჩხაიძემ.

მისივე თქმით, პრევენციული ღონისძიებები შეიძლება, იყოს ზოგადი, ის, რაც ყველა ვირუსის საწინააღმდეგოდაა: საზოგადოებრივ ტრანსპორტში, დახურულ სივრცეში ნიღბის ტარება, ხელების ჰიგიენა, პირადი ჰიგიენის დაცვა, მაგრამ არა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია.
“ქვეყანაში კოვიდვაქცინა არაა, კორონავირუსის გავრცელების აქტუალობიდან გამომდინარე. კორონავირუსის ერთეული შემთხვევები ფიქსირდება, ის ქვეყნის ჯანმრთელობის დაცვის სისტემისთვის ახლა საფრთხეს არ წარმოადგენს, ისე – როგორც მთელს მსოფლიოში.
ის, რომ ვაქცინაციას არ ვაკეთებთ, ამ ვაქცინის აქტიური რეკლამირება და პროპაგანდა არ მიდის, აბსოლუტურად სწორია. ახლანდელი მდგომარეობა ამ მხრივ პრევენციას არ საჭიროებს. პრევენცია შეიძლება, იყოს ზოგადი, ყველა ვირუსის საწინააღმდეგო ეფექტიანი ღონისძიების რეკომენდაციით: საზოგადოებრივ ტრანსპორტში, დახურულ სივრცეში ნიღბის ტარება, ხელების ჰიგიენა, პირადი ჰიგიენის დაცვა, მაგრამ არა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია”, – განაცხადა ჩხაიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები