კახა კალაძე: ტურისტი არ ჩამოვიდეს საქართველოში და საქართველოში ნაწარმოები პროდუქტი არ გავიტანოთ თუნდაც რუსულ ბაზარზე… ვის ვზღუდავთ ამით? საკუთარ თავს და გლეხს ვაყენებთ მძიმე მდგომარეობაში, ხომ?

თბილისის მერი, კახა კალაძე აცხადებს, რომ ტურისტის არ ჩამოსვლით და საქართველოში ნაწარმოები პროდუქტის რუსეთში არ გატანით ისევ და ისევ ქვეყანა და გლეხი ზარალდება. აღნიშნული განცხადებით კალაძე “ლელოს” ინიციატივას, “საქართველოს დაცვის აქტს” გამოეხმაურა, რომლის თანახმად, დოკუმენტი მოიცავს 9-პუნქტიან გეგმას და საქართველოში რუსების შემოსვლას ზღუდავს.

“ჩვენ არ და ვერ ვუერთდებით სანქციებს, ისევ და ისევ, ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, ისევ და ისევ ვიცავთ მოსახლეობის ეროვნულ ინტერესებს და ყოველთვის გვექნება ეს დამოკიდებულება. ისეთ შემთხვევებში, რომელიც შეიძლება, პრობლემა იყოს და საერთაშორისო დონეზე გარკვეულ საფრთხეებს წარმოადგენდეს, თუნდაც სანქცირებულ კომპანიებთან თანამშრომლობა და ა.შ. რა თქმა უნდა, აქ ყველანაირად ვთანამშრომლობთ და მადლობებიც კი მიიღო საქართველოს ხელისუფლებამ ამასთან დაკავშირებით და ეს მომავალშიც გაგრძელდება.

მაგრამ, ტურისტი არ ჩამოვიდეს საქართველოში და ფული არ დახარჯოს, ქართული საქართველოში ნაწარმოები პროდუქტი შევზღუდოთ და არ გავიტანოთ თუნდაც რუსულ ბაზარზე, რატომ უნდა შეიზღუდოს ეს ყველაფერი? ვის ვზღუდავთ ამით, საკუთარ თავს ვიზღუდავთ და ისევ გლეხს ვაყენებთ მძიმე მდგომარეობაში, ხომ?

ესეც გათვლილი არის მიზანმიმართულად, სპეციალურად აკეთებენ ამას – უნდათ, როგორმე, ქვეყანა ეკონომიკურად დააზიანონ,“ – აცხადებს კახა კალაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები