ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი: ხვიჩას არყოფნა დიდი დანაკლისია გუნდისთვის – კონკრეტულმა პირმა დაუშვა ადამიანური შეცდომა, გუნდის სახელით ვიხდი ბოდიშს და პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ვიღებ

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი და სანაკრებო მიმართულების ხელმძღვანელი ალექსანდრე იაშვილი ეროვნული ნაკრების პლეი-ოფის ნახევარფინალური მატჩის გარშემო არსებულ ვითარებას ეხმაურება, რომლის განცხადებასაც საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს.

მისივე განმარტებით, კონკრეტული პირის მიერ დაშვებული იქნა ძალიან დასანანი ადამიანური შეცდომა, რისთვისაც გუნდის სახელით ბოდიშს იხდის და პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე იღებს.

„ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენი გუნდის ერთ-ერთი წევრის მიერ ეროვნული ნაკრები შეცდომაში იქნა შეყვანილი არსებულ რეგულაციასთან დაკავშირებით, რაც თავისთავად დაუშვებელია! 21 მარტს მოედანზე ხვიჩას არყოფნა დიდი დანაკლისია გუნდისთვის, ფედერაციისთვის და თითოეული ჩვენგანისათვის.

წლების განმავლობაში, თქვენი მხარდაჭერით, ნაბიჯ-ნაბიჯ მივდივართ იმ დასახული მიზნისკენ, რასაც ევროპის ჩემპიონატზე თამაში ჰქვია. მიუხედავად ეროვნული ნაკრების მენეჯმენტის თავდაუზოგავი შრომისა, კონკრეტული პირის მიერ დაშვებული იქნა ძალიან დასანანი ადამიანური შეცდომა, რისთვისაც მთელი გუნდის სახელით ვიხდი ბოდიშს და მე, როგორც სანაკრებო მიმართულების ხელმძღვანელი, პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ვიღებ.

დღეს, ჩვენი ეროვნული ნაკრების ინტერესებიდან გამომდინარე ყველაზე მნიშვნელოვნად მიგვაჩნია ერთიანობის შენარჩუნება და მარტის გადამწყვეტი თამაშისთვის მომზადება. იმედი მაქვს თქვენი მხარდაჭერის, მჯერა ჩვენი გუნდის ერთიანობის, მისი ძალის და მწამს რომ აუცილებლად დავამარცხებთ ლუქსემბურგის ნაკრებს, გავალთ პლეი-ოფის ფინალში, სადაც სანუკვარ ოცნებას უკვე ხვიჩასთან ერთად შევეჭიდებით და ავიხდენთ“, – აცხადებს იაშვილი.

შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელია ევრო 2024-ის პლეი-ოფის ნახევარფინალში დისკვალიფიკაციის გამო ვერ ითამაშებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები