ლოიდ ოსტინის შემდეგ, კიევში მოულოდნელად გერმანიის თავდაცვის მინისტრი ჩავიდა
გერმანიის თავდაცვის მინისტრი, ბორის პისტორიუსი დღეს, 21 ნოემბერს, გამთენიისას კიევში მოულოდნელი ვიზიტით ჩავიდა.
ამის შესახებ AFP იტყობინება.
ვიზიტის ფარგლებში, პისტორიუსი უკრაინელ კოლეგა რუსტემ უმეროვს და პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება, ასევე, უკრაინის სამხედრო სასწავლო ცენტრს ეწვევა.
გერმანიის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ ვიზიტის მიზანი უკრაინისადმი გერმანიის მხარდაჭერის დადასტურებაა.
შეხვედრების მთავარი თემა იქნება უკრაინელი ჯარისკაცების მომზადება და კიევისთვის სამხედრო დახმარება.
20 ნოემბერს კიევს პენტაგონის ხელმძღვანელი ლოიდ ოსტინი ეწვია.
მისი თქმით, შეერთებული შტატები გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას.
ოსტინის ვიზიტის ფარგლებში გახდა ცნობილი, რომ აშშ უკრაინას 100 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების გადასცემს.
მისივე თქმით, აღნიშნული პაკეტი მოიცავს საბრძოლო მასალას საარტილერიო და საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის, ასევე, ტანკსაწინააღმდეგო იარაღს.
კერძოდ, აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ცნობით, სამხედრო დახმარების ახალ პაკეტში შევა HIMARS-ის ერთი მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა და დამატებითი საბრძოლო მასალა, Stinger-ის საზენიტო რაკეტები, საარტილერიო ჭურვები, ტანკსაწინააღმდეგო რაკეტები TOW და Javelin და AT-4 სისტემები.