წულუკიანის აზრით, პრეზიდენტსა და მთავრობას შორის აჟიოტაჟში მთავრობას წვლილი არ მიუძღვის
იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი მიიჩნევს, რომ აჟიოტაჟში, რაც მთავრობასა და პრეზიდენტს შორის გართულებულ თანამშრომლობას მოჰყვა, მთავრობას წვლილი არ მიუძღვის. მინისტრს სჯერა, რომ საქართველოს პრეზიდენტი და მისი გარემოცვა ყველა ღონეს გამოიყენებენ იმისთვის, რომ “ქართული ოცნების” წევრები მანდატის ერთგული დარჩნენ.
“ის აჟიოტაჟი, რაც არის მთავრობასა და პრეზიდენტს შორის გართულებული თანამშრომლობის გარშემო, ამაში მე არ ვფიქრობ, რომ მთავრობას წვლილი მიუძღვის. ეს აჟიოტაჟი თუ ვინმეს აინტერესებს და აწყობს, არის მხოლოდ “ნაციონალური მოძრაობა”. ამიტომ მე მჯერა, რომ როგორც საქართველოს პრეზიდენტი, ისე მისი გარემოცვა ყველა ღონეს გამოიყენებენ იმისთვის, რომ ჩვენ “ქართული ოცნების” წევრები და მათ შორის პრეზიდენტი დავრჩეთ იმ მანდატის ერთგული, რა მანდატითაც აგვირჩია და დაგვნიშნა თანამდებობებზე ქართველმა ხალხმა. ქართველ ხალხს “ქართული ოცნებიდან” არავინ აურჩევია იმისათვის, რომ ვიკეკლუცოთ “ნაციონალურ მოძრაობასთან”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.