შსს-ში ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების გავრცელების აღკვეთის ხელშეწყობის შეხვედრა გაიმართა

შინაგან საქმეთა სამინისტროში ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების გავრცელების აღკვეთის ხელშეწყობის სახელმწიფო კომისიის რიგით მეოთხე შეხვედრა გაიმართა. კომისიის შემადგენლობაში არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლები.
სახელმწიფო კომისია იკრიბება ყოველთვიურად და ახორციელებს მუდმივ მონიტორინგს საქართველოში ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებებთან დაკავშირებულ გამოწვევებზე, ისევე როგორც შესაბამისი კანონმდებლობის იმპლემენტაციაზე. სხდომაზე უწყებებებმა საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში წარმოადგინეს ინფორმაცია საქართველოში ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების უკანონო ბრუნვასთან დაკავშირებული მდგომარეობის შესახებ. აღინიშნა, რომ შესაბამისი კანონმდებლობის აღსრულება მიმდინარეობს ეფექტურად და სიტუაცია ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების უკანონო ბრუნვის კუთხით სტაბილურია. მხარეებმა განიხილეს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი კომისიის საქმიანობის პირველი ყოველკვარტალური ანგარიშის პროექტი, რომელიც სახელმწიფო კომისიამ “ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების შესახებ” კანონის შესაბამისად უნდა გამოაქვეყნოს.
სახელმწიფო კომისიის წევრებმა ასევე იმსჯელეს „ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების შესახებ“ საქართველოს კანონის ცვლილების პროექტზე, რომელიც აღნიშნულ ნივთიერებებთან დაკავშირებულ ახალ გამოწვევებზე ეფექტურ რეაგირებას ისახავს მიზნად.
შსს-ს აკადემიის პრორექტორმა, სოფო კილაძემ განსაკუთრებით გაუსვა ხაზი იმ ფაქტს, რომ „ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების შესახებ“ საქართველოს კანონის ძალაში შესვლის შემდეგ მნიშვნელოვნად იკლო ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების ბრუნვამ საქართველოში, რაც კანონის ეფექტურობაზე მიუთითებს. კანონის ამოქმედების შემდეგ, 2014 წლის მაისიდან, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო ბრუნვის 26 ფაქტზე აღიძრა სისხლის სამართლის საქმე, ხოლო აგვისტოში 11 სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, რაც ფსიქოაქტიური ნივთიერებების შემოდინების კლების ტენდენიაზე მეტყველებს.
ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის უფროსმა, ვლადიმერ ხუნდაძემ აღნიშნა, რომ 1 მაისიდან, კანონის ძალაში შესვლის შემდეგ მინიმუმამდე დავიდა ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების შემოტანა საზღვარზე. თუ 1 მაისამდე აღნიშნული ნივთიერებების ინტერნეტით გამოწერის და საქართველოს საზღვარზე შემოდინების ათეულობით შემთხვევა ფიქსირდებოდა ყოველთვიურად, 1 მაისის შემდეგ მხოლოდ ერთ ან ორ შემთხვევას აქვს ადგილი.
აღსანიშნავია, რომ 2013 წლის მაისი–აგვისტოს პერიოდში საზღვარზე ფსიქოაქტიური ნივთიერებების შემოტანის 69 შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო 2014 წლის ანალოგიურ პერიოდში მხოლოდ 6 შემთხვევაა გამოვლენილი, რაც ასევე ამ ნივთირებებების საქართველოში შემოტანის კლებაზე და ახალი რეგულაციის ეფექტურობაზე მიუთითებს.
სხდომაზე უწყებების მხრიდან პოზიტიურად შეფასდა ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების სიის „ონლაინ ბანკის“ შექმნის კუთხით გადადგმული ქმედითი ნაბიჯები, რომლებიც კიდევ უფრო ეფექტურს გახდის ახალი ფსიქოატიური ნივთიერებების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლას.

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=GSJLPHe3HMI” width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები