დავით უსუფაშვილი მონტენეგროს პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში, მონტენეგროს პარლამენტის თავმჯდომარეს, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის საპატიო პრეზიდენტ რანკო კრივოკაპიჩს შეხვდა.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველო-რუსეთის ურთიერთობებს, ნატოს უელსის სამიტის შედეგებსა და საქართველოსა და მონტენეგროს, როგორც ნატოს ასპირანტი ქვეყნების მდგომარეობას ნატოში გაწევრიანებასთან მიმართებაში.
მხარეებმა შეხვედრაზე ასევე განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული საპარლამენტო თანამშრომლობა და ამ თანამშრომლობის გაღრმავების გზები, ამ მიზნით მონტენეგროს პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე მიმდინარე წელს მონტენეგროში ოფიციალური ვიზიტით მიიწვია.