რა ახალ პერსპექტივებს აჩენს EU-ს წევრობის კანდიდატის სტატუსი საქართველოს ეკონომიკისთვის – ეკონომისტ გიორგი ცუცქირიძის განმარტება

რა ეკონომიკურ სარგებელს მოუტანს საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, რა ახალი პერსპექტივები ჩნდება ქვეყნის ეკონომიკისთვის – ამ საკითხთან დაკავშირებით ეკონომისტმა, გიორგი ცუცქირიძემ განმარტება მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში სტუმრობისას გააკეთა.

ანალიტიკოსის თქმით, მისი წევრი ქვეყნებისთვის ევროკავშირის ერთ-ერთი მიმართულება აგროსექტორის მხარდაჭერაა და ეს, პირველ ყოვლისა, სასურსათე პროდუქციის მხარდაჭერას გულისხმობს. ცუცქირიძის განმარტებით, ეს, გარკვეულწილად, იმას ნიშნავს, რომ აქ ინვესტიციები, გრანტები შემოვა, რათა ჩვენი აგროსექტორი თანამედროვე მოთხოვნებზე გადაეწყოს.

“მოგეხსენებათ, ევროკომისიამ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მხარი დაუჭირა. განვიხილოთ, თუ რა ეფექტი ექნება საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსს 2 მოცემულობით, ერთია კანდიდატის სტატუსი და მეორეა ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა. მოგეხსენებათ, რომ გასულ წლებში, ბოლო 15 წელს ვგულისხმობ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მატარებელი ბევრი ქვეყანა გახდა, მაგრამ მათი ნაწილი ევროკავშირის წევრი დღესაც არაა. მაგრამ დღეს ერთი მნიშვნელოვანი განსხვავება ისაა, რომ შეცვლილმა გეოპოლიტიკურმა ვითარებამ, ვგულისხმობ უკრაინაში რუსეთის ინტერვენციას, ევროკავშირში გარკვეული პრიორიტეტები გადაალაგა და დღეს ევროკავშირი ღიად აცხადებს, რომ გაფართოებაზე კონსენსუსი მიღწეულია. ეს ბორელმაც განაცხადა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმაც დაადასტურა, რომ ქვეყნებს ევროკავშირის მისაღებში ჯდომა დიდ ხანს აღარ მოუწევთ. ეს იმას ნიშნავს, რომ უკვე 2030 წლისთვის შეიძლება, ახალი წევრების მიღება მოხდეს და ეს სავსებით რეალურია. ჩვენი პერსპექტივა უახლოესი 5- 7 წლის მიხედვით უნდა განვიხილოთ.,
რა პოზიტივი შეიძლება, მივიღოთ ამ ინტეგრაციიდან: პირველ ყოვლისა, დავიწყებ იმით, რომ ევროკავშირში ინტეგრაცია და მისი წევრად გახდომა ბევრი მიმართულებით საკანონმდებლო ბაზის ცვლილებასთან იქნება დაკავშირებული, მათ შორის, ადამიანის უფლებების, ეკონომიკური მიმართულებებით, რაც ევროკავშირში არსებულ პრინციპებთან კიდევ უფრო დაახლოებას გულისხმობს. ჩვენ ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ღრმა და ყოვლისმომცველი შეთანხმება გვაქვს, რომელიც ევროკავშირთან ჩვენი საკანონმდებლო ბაზის დაახლოებას ასევე ითვალისწინებს.

ვნახოთ, ევროკავშირთან ინტეგრაციის რა პერსპექტივებია ბოლო წლებში, აქ, პირველ ყოვლისა, საგარეო სავაჭრო ბრუნვა იგულისხმება. ანუ, გაიზარდა თუ არა ის. ძალიან მნიშვნელოვან მონაცემებს გეტყვით, რომელიც მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბრის მიხედვითაა, თუ როგორია ჩვენს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში ევროკავშირის წილი და რამდენითაა გაზრდილი გასულ წლებთან შედარებით. მას შემდეგ, რაც თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება გაფორმდა, საგარეო ვაჭრობაში ევროკავშირის ხვედრითი წილი იზრდება. ევროკავშირთან სავაჭრო ბრუნვა ბოლო 2 წელში გაზრდილია 29 %-ით, თითქმის 4 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. ექსპორტი გაზრდილია 15 ,4 %-ით, ხოლო იმპორტი 22,7 %-ით. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სამრეწველო პროდუქცია, რაც ევროკავშირში შეგვაქვს, დაახლოებით 28 %-ითაა გაზრდილი.

საქართველო პირველად, ევროკავშირის მიერ კანდიდატი ქვეყნებისთვის შემუშავებული მეთოდოლოგიით ევროკავშირის ეკონომიკური რეფორმების გეგმის დოკუმენტს უკვე ამზადებს, მათ შორის, ევროკავშირის ESA 2010 აღრიცხვის სტანდარტთან საქართველოში მოქმედი IMF-ის GFSM 2014-ის აღრიცხვის დაკავშირებაზე.

ამასთან, საქართველოს საგადასახადო სისტემა წარმატებით ვითარდება ევროკავშირის რეგულაციებთან მაქსიმალური თავსებადობის პრინციპით და მეტწილად ჰარმონიზებულია, მათ შორის, დღგ-ის და დიდწილად აქციზის ნაწილში.

ანალიზი რომ გავაკეთოთ, ევროკავშირის პრიორიტეტები უნდა ვიცოდეთ. დავიწყოთ აგროსექტორით, მისი წევრი ქვეყნებისთვის ევროკავშირის ერთ-ერთი მიმართულება აგრისექტორის მხარდაჭერაა. ეს პირველ რიგში, სასურსათე პროდუქციის მხარდაჭერას გულისხმობს. ეს გარკვეულწილად იმას ნიშნავს, რომ აქ ინვესტიციები, გრანტები შემოვა იმისთვის, რომ ჩვენი აგროსექტორი თანამედროვე მოთხოვნებზე გადაეწყოს.

ვგულისხმობ შემნახველ მაცივრებს, სათბურებს. მაგალითისთვის, თურქეთის თანამედროვე ეკონომიკურ პლატფორმაზე გადაყვანა დიდწილად სწორედ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსმა მოიტანა. არის ხოლმე გარკვეული სკეპტიციზმი, რომ სტატუსი თითქმის არაფრისმომცემია. პირიქით, ის ბევრი რამის მომცემია”, – განაცხადა ცუცქირიძემ.

მისივე თქმით, ენერგეტიკის სექტორი ქვეყნისთვის კიდევ ერთი ჰაბი გახდება, რომელიც მომავალ წლებში სწრაფ ეკონომიკურ ზრდასთან პირდაპირ ბმაში იქნება.

ცუცქირიძის განცხადებით, კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ ქვეყანას კარგი შანსი აქვს, უახლოეს 7 წელიწადში არათუ 5%-იანი ეკონომიკური ზრდა ჰქონდეს, არამედ შედარებით მეტი, საშუალოდ 7. 5% .

“მეორე მიმართულება, რომელიც დღეს ევროკავშირისთვის პრიორიტეტულია, ენერგეტიკაა. პირველ რიგში, “მწვანე ენერგეტიკა”. ვგულისხმობ, როგორც წყლის ენერგიას, ასევე, მზის და ქარისას. ცალკეული ქვეყნების მხარდასაჭერად დიდი გრანტებია გამოყოფილი. შეგახსენებთ, წინ დიდი პერსპექტივა გვაქვს. იგივე ევროკავშირის მხარდაჭერით განხორციელდება პროექტი, რომელიც შავი ზღვის ფსკერზე კაბელის გაყვანას გულისხმობს და საქართველოს გავლით ევროკავშირს ელექტროენერგიას მიაწვდის. ეს გულისხმობს არა მარტო აზერბაიჯანის ელექტროენერგიის გატარებას, არამედ აქ წარმოებული ნებისმიერი სახის ენერგიის გატანას. ეს იმას ნიშნავს, რომ ევროკავშირის ქვეყნებიდან აქ დამატებით საკმაოდ დიდი ინვესტიციები შემოვა, ეს რამდენიმე მილიარდიც შეიძლება, იყოს. ენერგეტიკის სექტორი ქვეყნისთვის კიდევ ერთი ენერგეტიკული ჰაბი გახდება , რომელიც მომავალ წლებში სწრაფ ეკონომიკურ ზრდასთან პირდაპირ ბმაში იქნება. ერთ-ერთი ხერხემალი ზუსტად ენერგეტიკა გახდება. კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ კარგი შანსი გვაქვს, უახლოეს 7 წელიწადში გვქონდეს არათუ 5%-იანი ეკონომიკური ზრდა, არამედ შედარებით მეტი. საშუალოდ 7. 5% სავსებით მისაღწევია. რაც იმას გულისხმობს, რომ 2030 წელს საქართველო ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლებით, ფაქტობრივად, საშუალო ევროპული ქვეყნების დონეს მიუახლოვდება. ეს გაზრდის დასაქმებას, შემოსავლებს, ქვეყანა უფრო ძლიერი გახდება, ეკონომიკასაც კიდევ უფრო გააორმაგებს.

კიდევ ერთი პერსპექტივაა ძალიან დიდი მიმართულების მხარდაჭერა, ეს საგრანტო პროგრამები იქნება, რომელიც ჩვენთან ისეთი პრობლემური მიმართულების გაძლიერებას შეუწყობს ხელს, როგორიცაა უსაფრთხოება და განათლებაა. გაზრდილ ეკონომიკას კვალიფიციური კადრები სჭირდება. კვალიფიციურ კადრებს კი განათლების მაღალი სისტემები იძლევა.
ევროკავშირთან ინტეგრაციის მხარდასაჭერად ევროკავშირში ქვეყნის კიდევ უფრო მეტი პოპულარიზაცია ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. იგულისხმება სხვადასხვა კლიპი საქართველოზე, მის წარსულზე, ისტორიაზე, დღევანდელობაზე. მთავრობას რეკომენდაციას ვაძლევ, ამ ტიპის კლიპების მხარდაჭერა დაიწყოს.
ეს ტურიზმის გაძლიერებასთან პირდაპირ იქნება დაკავშირებული.
რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია: ევროპულ კულტურაში ინტეგრაცია ხელს შეგვიწყობს, რომ კიდევ უფრო მეტი პერსპექტივით ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა მოვახდინოთ. ანუ, მიმზიდველი ქვეყანა თუნდაც დღეს განდგომილი რეგიონებისთვის , ვგულისხმობ აფხაზეთს და ე.წ. სამხრეთ ოსეთს, ყოველთვის მიმზიდველია. ეს უკვე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოლიტიკური მიმართულება იქნება”, – განაცხადა ცუცქირიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები