ბაიდენი – ნეთანიაჰუს: ღაზას ოკუპაცია შეცდომა იქნება
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ნათლად უთხრა ისრაელის პრემიერმინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს, რომ ღაზას ოკუპაცია “დიდი შეცდომა” იქნებოდა.
ამის შესახებ ბაიდენმა ჟურნალისტებს განუცხადა, – წერს Reuters-ი.
აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ნეთანიაჰუს უთხრა, რომ არ სჯერა ომის დასრულების, სანამ ორი სახელმწიფოს შექმნა არ გადაწყდება.
”მე ნათლად ვუთხარი ისრაელს, რომ მათ მიერ ღაზას ოკუპაციას დიდ შეცდომად მივიჩნევ”, – ხაზგასმით აღნიშნა მან.
როგორც ბაიდენმა ასევე თქვა, “არარეალურია” მოლოდინი, რომ ისრაელი შეაჩერებს თავის სამხედრო მოქმედებებს, “ჰამასის” მაღალი რანგის ოფიციალური პირების მუქარის გათვალისწინებით, რომ ისინი ისრაელზე თავდასხმას ისევ აპირებენ.
„ჰამასმა” უკვე საჯაროდ განაცხადა, რომ ისრაელზე თავდასხმას ისევ აპირებენ, როგორც ეს ადრე გააკეთეს, როდესაც ჩვილებს თავები მოკვეთეს“, – თქვა ბაიდენმა.
მედია წერს, რომ ჯერჯერობით უცნობია, რა ფაქტებს ეფუძნება ბაიდენის ახალი განცხადება და გამოჩნდა თუ არა ახალი სადაზვერვო ინფორმაცია, რომელიც დაადასტურებდა, რომ “ჰამასმა” ჩვილებს თავი მოკვეთა.
ბაიდენმა ასევე დაიცვა ისრაელის გადაწყვეტილება “ალ-შიფას” ჰოსპიტალში ჯარების გაგზავნის შესახებ და თქვა, რომ საერთაშორისო ნორმების საწინააღმდეგოდ “ჰამასის” მიერ დაწესებულების გამოყენება “ომის დანაშაულია”.