ლუქსემბურგის პრემიერი, რომელიც თანამდებობას ტოვებს, ქვეყნის საგარეო უწყებას უხელმძღვანელებს
ლუქსემბურგის პრემიერმინისტრი, ხავიერ ბეტელი, რომელიც თანამდებობას ტოვებს, ახალ მთავრობაში საგარეო საქმეთა სამინისტროს უხელმძღვანელებს.
ამ ინფორმაციას RTL Today იტყობინება.
ბეტელმა გვიან ღამით გამოაცხადა, რომ მთავრობის ფორმირებისთვის მისმა ლიბერალურმა დემოკრატიულმა პარტიამ მემარჯვენე-ცენტრისტულ ქრისტიანულ-სოციალურ სახალხო პარტიასთან შეთანხმებას მიაღწია.
მედიის ინფორმაციით, ხელისუფლებაში ყოფნის თითქმის ათი წლის შემდეგ, ბეტელი ბრიუსელში მაღალი თანამდებობისთვის იბრძვის. მაგრამ, RTL Today-ს ცნობით, ბეტელი დარჩება მთავრობაში, როგორც საგარეო საქმეთა მინისტრი და ვიცეპრემიერმინისტრი.
ლუქსემბურგის ახალ მთავრობას 60 წლის ქრისტიან-სოციალური სახალხო პარტიის ლიდერი, ლუკ ფრიდენი უხელმძღვანელებს. მისი პარტია ბოლო 10 წელია, მთავრობის ოპოზიციაში იყო.
ყოფილმა ფინანსთა მინისტრმა და ბრიუსელის ბიზნეს ლობის Eurochambres-ის პრეზიდენტმა, ფრიდენმა ოქტომბერში გამართულ არჩევნებზე პარლამენტში 60 ადგილიდან 21 მოიპოვა.
იმავდროულად, კოალიციამ, რომელსაც ხელმძღვანელობს ბეტელის დემოკრატიული პარტია “მწვანეებთან” და სოციალისტებთან ერთად, მხოლოდ 29 ადგილი მოიპოვა, რაც მთავრობის ფორმირებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა.
ახალი კოალიციური შეთანხმების თანახმად, ბეტელის ლიბერალური პარტია მთავრობაში მინისტრის 7 პოსტს მიიღებს, ხოლო ფრიდენის პარტია – რვას, მათ შორის, ისეთი საკვანძო პორტფელებს, როგორიცაა საშინაო საქმეები, იუსტიცია და ფინანსები.
ახალი მთავრობა ფიცს 17 ნოემბერს დადებს.
ცნობისთვის, 13 ნოემბერს დიდი ბრიტანეთის პრემიერმა, რიში სუნაკმა სამთავრობო ცვლილებების ფარგლებში ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრად ყოფილი პრემიერი – დევიდ კემერონი დანიშნა.