ისრაელის არმიამ “ჰამასის” პოლიტბიუროს ხელმძღვანელის – ისმაილ ჰანის რეზიდენცია სახმელეთო ოპერაციის ფარგლებში დაბომბა. თავად ჰანი ღაზას სექტორის ფარგლებს გარეთ იმყოფება.
ამის შესახებ IDF-ის განცხადებაშია ნათქვამი.
არმიაში ამბობენ, რომ რეზიდენცია „ტერორისტული ინფრასტრუქტურის სახით“ და “ჰამასის” მაღალი რანგის ლიდერების შეხვედრის ადგილად გამოიყენებოდა, სადაც „ისრაელის სამოქალაქო პირების და ჯარისკაცების წინააღმდეგ ტერაქტების” მომზადება განიხილებოდა.
დარტყმა ისრაელის საჰაერო ძალებმა ღამით განახორციელეს.
გარდა ამისა, შათის ბანაკზე თავდასხმის დროს, ისრაელის სამხედროებმა “ჰამასის საზღვაო ძალების” იარაღის საწყობი გაანადგურეს, რომელიც შეიცავდა აღჭურვილობას მყვინთავებისთვის, ასაფეთქებელ მოწყობილობებს და იარაღს.
IDF ასევე იტყობინება, რომ იარაღი სხვა ადგილებშიცაა ნაპოვნი, მათ შორის იყო “შაჰიდის ქამრები”, ტანკსაწინააღმდეგო რაკეტები, საკომუნიკაციო აღჭურვილობა და სადაზვერვო დოკუმენტები.