ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია, რომელიც ღაზაში ხანგრძლივი ჰუმანიტარული პაუზის გამოცხადებას გულისხმობს, მიუღებელია.
ამის შესახებ Haaretz-ი წერს.
უწყებაში განაცხადეს, რომ სანამ “ჰამასს” მძევლები ჰყავს, ასეთი ზომები შეუსაბამოა.
რეზოლუცია ასევე გააკრიტიკა გაეროში ისრაელის წარმომადგენელმა, გილად ერდანმა.
მისი თქმით, „დოკუმენტი მოწყვეტილია რეალობას“, უშიშროების საბჭო „აგრძელებს იგნორირებას და არ ცდილობს, დაგმოს ან თუნდაც ახსენოს “ჰამასის” მიერ 7 ოქტომბერს ჩადენილი ხოცვა-ჟლეტა“.
„ჰამასის” სტრატეგია მიზანმიმართულია ღაზას სექტორში ჰუმანიტარული მდგომარეობის გაუარესებასა და პალესტინელებში მსხვერპლის გაზრდაზე, რათა აიძულოს გაერო და უშიშროების საბჭო შეაჩერონ ისრაელი. ეს არ მოხდება. ისრაელი გააგრძელებს მოქმედებას მანამ, სანამ “ჰამასი” არ განადგურდება და მძევლები არ დაბრუნდებიან“, – თქვა მან.
გაეროს უშიშროების საბჭომ ღაზაში „ჰუმანიტარული პაუზების“ შესახებ რეზოლუციას მხარი დაუჭირა.
მალტის მიერ მომზადებული და 12 ხმით მიღებული რეზოლუცია შეიცავს მოწოდებას ღაზის სექტორში სასწრაფო და გახანგრძლივებული „ჰუმანიტარული პაუზებისა“ და უსაფრთხო დერეფნების შექმნის შესახებ.
ამასთან, დოკუმენტი „ჰამასის“ და სხვა ტერორისტული ჯგუფების მიერ დაკავებული ყველა მძევლის, განსაკუთრებით – ბავშვების დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლებას ითვალისწინებს.
აღსანიშნავია, რომ აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და რუსეთმა რეზოლუციის მხარდაჭერისგან თავი შეიკავეს.