ლაშა ხუციშვილი: 2024 წელს გაზრდილია გასაცემლების მოცულობები, როგორც პენსიების, ასევე, სახელმწიფო კომპენსაციების ნაწილში
ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილის განცხადებით, 2024 წელს გაზრდილია გასაცემლების მოცულობები, როგორც პენსიების, ასევე, სახელმწიფო კომპენსაციების ნაწილში, კერძოდ:
• 70 წლის და მეტი ასაკის პირთა პენსია იზრდება 50 ლარით და განისაზღვრება 415 ლარის ოდენობით. მაღალმთიან დასახლებებში ამ პირთა პენსიის მოცულობა თითქმის 500 ლარს მიაღწევს;
• 70 წლამდე პირთა პენსია იზრდება 20 ლარით და შეადგენს 315 ლარს, ხოლო მაღალმთიან დასახლებებში 378 ლარს;
• ბოლო 4 წლის განმავლობაში საპენსიო გასაცემლების მნიშვნელოვანი ზრდაა. კერძოდ, 70 წლამდე პირებისთვის ზრდა 43%-ია, ხოლო 70 წლის და მეტი ასაკის პირებისთვის პენსიის ზრდა 66%-ია.
ლაშა ხუციშვილის განცხადებით, პენსიებისგან განსხვავებით, წლების განმავლობაში ნაკლებად ხდებოდა კომპენსაციების გადაანგარიშება. მისი თქმით, წარმოდგენილ ბიუჯეტში მაღალი ეკონომიკური ზრდის შედეგად მიღებული შემოსავლები, მაქსიმალურად არის გადანაწილებული მოსახლეობის ყველა იმ კატეგორიაზე, ვინც სახელმწიფოსგან დახმარებას საჭიროებს.
„მოგეხსენებათ, სახელმწიფო კომპენსაციების ბენეფიციართა უდიდესი ნაწილი ყოფილი ჯარისკაცები და პოლიციელები არიან, რომელთაც, საშუალოდ, 25 წელზე მეტი აქვთ ნამსახურები შესაბამის სტრუქტურებში; ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით ბიუჯეტში უკვე აისახა შესაბამისი თანხები და მომდევნო წელს:
• სახელმწიფო კომპენსაციებისთვის დღეს არსებული 560 ლარიანი ზღვარი იზრდება 78%-ზე მეტით და განისაზღვრება 1000 ლარის ოდენობით;
• 200 ლარით გაიზრდება და 1200 ლარი გახდება საომარი მოქმედებების დროს ან კრიმინალთან ბრძოლის დროს დაღუპულთა ოჯახის წევრების კომპენსაციები;
• იზრდება პოლიციელებისა და ჯარისკაცების ნამსახურების თითოეულ წელზე გათვლილი თანხის ოდენობა, კერძოდ:
• უმცროს სპეციალურ წოდებაზე (გარდა ოფიცრისა): 2-დან 5 ლარამდე;
• უმცროსი ოფიცრის წოდებაზე: 5-დან 10 ლარამდე;
• უფროსი ოფიცრის წოდებაზე: 10-დან 15 ლარამდე;
• უმაღლესი ოფიცრის წოდებაზე: 15-დან 25 ლარამდე;
ზემოაღნიშნული ცვლილებების შედეგად, პოლიციელებისა და ჯარისკაცების კომპენსაციის საშუალო მაჩვენებელი 430 ლარიდან 580 ლარამდე გაიზრდება.
აღსანიშნავია, რომ ეს არის საშუალო მაჩვენებელი და მაღალი წოდების მქონე პირთა კომპენსაცია უფრო მაღალი იქნება და რიგ შემთხვევებში, 1000 ლარს მიაღწევს”, – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.