“უნდა გავიგოთ, რომ საპარლამენტო მმართველობის პირობებში მთავრობა პრეზიდენტს აღარ ექვემდებარება”

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი წევრი გიორგი ვოლსკი ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს გამოეხმაურა. დეპუტატი ფიქრობს, რომ ბიძინა ივანიშვილი მთავრობის საქმიანობას ობიექტურად აფასებს, თუმცა გარკვეულ ნაკლოვანებებზეც მიუთითებს. ვოლსკი მიიჩნევს, რომ ასევე საინტერესოა ბიძინა ივანიშვილის მოსაზრებები მთავრობისა და პრეზიდენტის ინსტიტუტებს შორის შექმნილ გაუგებრობასთან დაკავშირებითაც.
,,ბიძინა ივანიშვილი გამოეხმაურა მთელ რიგ საკითხებს, რომელიც საზოგადოებრივი აზრის მაღალ ინტერესს განაპირობებს. ვფიქრობ, მთავრობის საქმიანობას იგი ობიექტურად აფასებს, თუმცა მიუთითებს გარკვეულ ნაკლოვანებებზე. საინტერესოა მისი მოსაზრებები მთავრობისა და პრეზიდენტის ინსტიტუტებს შორის შექმნილ გაუგებრობასთან დაკავშირებით.
მახსოვს, პრეზიდენტმა მარგველაშვილმა ერთხელ განაცხადა, რომ ეს გაუგებრობები დაკავშირებული იყო კონსტიტუციის დახვეწის პროცესთან. ეს განმარტება სავსებით დამაკმაყოფილებელი, უფრო მეტიც, მისასალმებელი იქნებოდა, რომ არა დაპირისპირების ნიშნები, რომელთა გაღრმავება ხელს აძლევს სკანდალს მოწყურებულ სხვადასხვა ჯგუფებს. პოლიტიკურ სპეკულაციებში დახვეწილმა “ნაცმოძრაობამ” ხომ საერთოდ აპოკალიპტური სურათის შექმნა გადაწყვიტა და ამასთან დაკავშირებით ტაშ-ფანდური აქვს ატეხილი.
ვფიქრობ, პრეზიდენტის მიდგომები მთელ რიგ საკითხებთან დაკავშირებით ხელს უწყობს სავსებით ,,სწორ ადგილზე“ კონფრონტაციის კონტურების გაჩენას. მინდა ვიფიქრო, რომ პრეზიდენტის პოზიცია არ არის განპირობებული სურვილით, ზიანი მოუტანოს ქვეყანას, არამედ უკავშირდება, მისი აზრით, სამართლიან გადაწყვეტილებას გაეროში დელეგაციების გამგზავრებასთან დაკავშირებით. მაგრამ რეალურად სხვა სურათი იხატება, რაც საშუალებას არ მაძლევს, არ დავეთანხმო ბიძინა ივანიშვილის შეფასებებს. კერძოდ, არასწორია მთავრობის ,,კონკურენტი პრეზიდენტის“ იდეა.
რაც შეეხება მთავრობასთან პოლემიკას ამა თუ იმ მნიშვნელოვან საკითხზე, ეს არათუ დაშვებულია, არამედ მართვის სტილია, რომელიც ბიძინა ივანიშვილის პრემიერობისას და მანამდეც, ჩვენს პოლიტიკურ გუნდში ჩამოყალიბდა. ყველამ უნდა გაიგოს, რომ საპარლამენტო მმართველობის პირობებში, რომელზედაც ჩვენი ქვეყანა გადადის, პრეზიდენტს აღარ ექვემდებარება მთავრობა. ამასთანავე, საგარეო ურთიერთობებში თანაბრად წარმოადგენენ საქართველოს. პრეზიდენტის უფლებამოსილებაში რჩება მთელი რიგი მნიშვნელოვანი საკითხები, მაგრამ მას აქვს მთავრობასთან შეთანხმების ვალდებულება, როდესაც საკითხი ეხება თუნდაც საერთაშორისო ფორუმზე ქვეყნის წარმომადგენლობას. საპრეზიდენტო მმართველობის პირობებშიც კი, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, არსებობს ასეთი პრაგმატული ვალდებულება. სწორედ მთავრობამ მოამზადა უელსის სამმიტზე პრეზიდენტის ვიზიტი, რასაც წინ უძღოდა მრავალმხრივი კონსულტაციები და მოლაპარაკებები საერთაშორისო და ორმხრივ დონეებზე. მთავრობამ იმუშავა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე და მის ყველა თანამდევ ღონისძიებაზე საქართველოს დელეგაციის ვიზიტის მოსამზადებლად და სწორედ მთავრობაა პასუხისმგებელი იმ გადაწყვეტილების შესრულებაზე, რომელიც გენერალურ ასამბლეაზე და სხვა შეხვედრებზე, თუნდაც, კლიმატის შეცვლის სამიტზე მიიღება.
ვეთანხმები იმას, რომ საკონსტიტუციო კომისიას არ დაუმთავრებია მუშაობა და უფლებამოსილებათა გამიჯვნა ხელისუფლების შტოებს შორის არ არის დასრულებული, თუმცა უკვე არსებული ნორმების პირობებში, პრეზიდენტს ლოგიკურად მოეთხოვებოდა მთავრობასთან შეთანხმება, სანამ მიღებულ მოწვევაზე პასუხს გასცემდა საგარეო საქმეთა სამინისტროს გვერდის ავლით. აქ არაა საუბარი კონსტიტუციის დარღვევაზე. მე ვლაპარაკობ პრაგმატული აუცილებლობის შესახებ მართვის ახალ პირობებში. ამდენად, გაეროს სამდივნო ვალდებულია, მოწვევა გაუგზავნოს კონსტიტუციით განსაზღვრულ პირველ პირს, რაც არ ხსნის პირველი პირის ვალდებულებას, პასუხი შეუთანხმოს მთავრობას, რომელიც მართავს ქვეყანას. გარდა ამისა, ისიც უნდა ვიცოდეთ, რომ 192 ქვეყნის დელეგაციის დახვედრის, განთავსების, გადაადგილებისა და დაცვის თვალსაზრისით გაერო, ისევე როგორც მასპინძელი ქვეყანა, ამერიკის შეერთებული შტატები, მნიშვნელოვან ძალისხმევასა და რესურსს ხარჯავს. თუნდაც ამ ფაქტორის გათვალისწინებითაც ორი დელეგაციის გაგზავნა პატარა ქვეყნიდან, როგორც სამართლებრივი, ისე პრაქტიკული და მორალური თვალსაზრისით, არამართებულია.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, გაეროში საქართველოს უნდა წარმოადგენდეს მთავრობის მეთაური. არასწორად მიმაჩნია უაპელაციო განცხადებებიც. უპრიანი იქნებოდა კონსულტაციების გაგრძელება, რომ არ დაზიანდეს საქართველოსა და მისი ხალხის ინტერესები. აი, ეს კი ნამდვილად არის პრეზიდენტის საკონსტიტუციო ვალდებულება. საყოველთაოდ არჩეული პრეზიდენტი თავად უნდა იძლეოდეს კონსტრუქციულობის მაგალითს”, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები