ლაშა ხუციშვილი: საქართველომ რეკორდულად დაბალ დროში შეძლო, როგორც მაკროეკონომიკური მაჩვენებლების, ისე ფისკალური პარამეტრების სრულად აღდგენა
საქართველომ რეკორდულად დაბალ დროში შეძლო, როგორც მაკროეკონომიკური მაჩვენებლების, ისე ფისკალური პარამეტრების სრულად აღდგენა – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა 2024 წლის ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებული ვერსიის წარდგენისას.
ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილის განცხადებით, წლების განმავლობაში საქართველო იყო ფისკალური დისციპლინით გამორჩეული ქვეყანა და ვალი ნარჩუნდებოდა უსაფრთხო დონეზე.
„სწორედ ამან მოგვცა საშუალება, რომ პანდემიის გამოწვევისთვის გვეპასუხა შესაბამისი ფისკალური ხარჯებით და ეს ყველაფერი ისე მოვახერხეთ, რომ ხელი არ შეგვეშალა პოსტ-კრიზისული აღდგენისათვის. ჩვენ რეკორდულად დაბალ დროში შევძელით, როგორც მაკროეკონომიკური მაჩვენებლების, ისე ფისკალური პარამეტრების სრულად აღდგენა. მთავრობის ვალის დონე, რომელიც 2020 წელს 60-პროცენტიან ნიშნულს გადასცდა, 2024 წლისთვის 38%-მდე მცირდება. ეს არის 3 წლის განმავლობაში ვალის დონის 20 პროცენტული პუნქტით შემცირება, რაც ნამდვილად იშვიათი გამონაკლისია მსოფლიოში. ჩვენ ვაჩვენეთ ფისკალური კონსოლიდაციის ის იშვიათი მაგალითი, როდესაც 2 წელიწადში სრულად აღდგა ვალი უსაფრთხო დონეზე (40%-ზე დაბალ ნიშნულზე), და ამავდროულად, ხელი არ შეგვიშლია ეკონომიკური ზრდისთვის. მეტიც, გვქონდა ორნიშნა ეკონომიკური ზრდა”, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.
მისი თქმით, ქვეყანა ერთგული რჩება ვალის პორტფელის დივერსიფიკაციის მიზნის.
„საშუალოვადიან პერიოდში მიზნად ვისახავთ ვალის დოლარიზაცია 65 პროცენტს ქვემოთ შევამციროთ, რაც განსაზღვრულია, ასევე, საქართველოს ვალის მართვის სტრატეგიის შესაბამისად. ჩვენ უკვე შევძელით ეს მაჩვენებელი 80 პროცენტიდან 72 პროცენტამდე ჩამოგვეყვანა და ამ პოლიტიკას მომავალშიც გავაგრძელებთ. ამავდროულად, გავაგრძელებთ ფასიანი ქაღალდების ადგილობრივი ბაზრის განვითარებას. ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გავზარდეთ გამოშვებები და გაიზარდა ბაზრის ლიკვიდურობაც. საშუალოვადინ პერიოდში ჩვენი მიზანია, საქართველოს ვალის პორტფელი მოვამზადოთ საერთაშორისო ინდექსებისათვის”, – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.