„ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის“ თავმჯდომარე: თუ საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობის ფასის კლების ტენდენცია შენარჩუნდა, საწვავი საქართველოშიც აუცილებლად გაიაფდება

„ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის“ თავმჯდომარის, ვახტანგ იობაშვილის განცხადებით, თუ საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობის ფასის კლების ტენდენცია შენარჩუნდა, საწვავი საქართველოშიც აუცილებლად გაიაფდება.

საწვავის ბაზარზე არსებული ვითარების შესახებ იობაშვილმა მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

“გეთანხმებით, რადგან საერთაშორისო ბაზრებზე ფასი იწევს, აქაც უნდა დაიწიოს. აქ ერთი ფაქტორია: საუდის არაბეთმა, რუსეთმა ნავთობის მოპოვება შეამცირეს. თუ ვინმეს ჰგონია, რომ რუსეთიდან ნავთობი არსად გადის, ცდება. რუსეთიდან ნავთობი ჩინეთში, ინდოეთში, შუა აზიის ქვეყნებში მიდის. რადგან მოპოვებამ მოიკლო, ბუნებრივია, დეფიციტი შექმნეს, ამან თავის დროზე ფასები გაზარდა. იმის გარდა, რომ სანავთობო ქვეყნებმა ნედლი ნავთობი უნდა მოიპოვონ, არსებობს საერთაშორისო ბირჟები, სადაც პროდუქტი იყიდება. ნავთობი უნდა გადამუშავდეს, რომ პროდუქტი გახდეს, ამიტომ, ჩვენ არა ქარხნებში, არამედ საერთაშორისო ბირჟებზე ვყიდულობთ. პროდუქტს “პლაცის” პოლიტიკით ვყიდულობთ. “პლაცის” რაოდენობა 1 ტონაა და მისი ფასი ყოველ საღამოს დგება. აქედან გამომდინარე, ნურავინ დაიბრალებს იმას, რომ წინდაწინ განსაზღვროს ხვალ, ზეგ რა ფასი იქნება. უნდა შევაფასოთ იმ დროს, როცა ვყიდულობთ.
თუ ასეთი ტენდენცია (საერთაშორისო ბაზრებზე ფასის კლების) შენარჩუნდა, ჩვენთანაც აუცილებლად გაიაფდება.
ახლა საუბარია იმაზე, რატომ მოიკლო საერთშორისო ბაზრებზე ნავთობის ფასმა, საქმე ისაა, რომ ჩინეთმა და აშშ-მა მოხმარება შეამცირეს.

რაც შეეხება საქართველოში საწვავის იმპორტის საკითხს: რუსეთიდან იმპორტი სრულად ჩანაცვლდა. საწვავი შემოდის ევროპიდან, რუმინეთიდან, ბულგარეთიდან, თუ აუცილებლობა მოიტანს, საბერძნეთიდანაც.

“რია ნოვისტიმ” დააფიქსირა, მეც მაქვს მიღებული ინფორმაცია, რომ რუსეთი საწვავის ექსპორტის აკრძალვას ხსნის. მაგრამ თუ რუსეთი საწვავს ევროპულ ფასებში მოგვცემს, მაშინ ამას არანაირი შედეგი არ ექნება, რუსეთის ბაზარზე არ გადავალთ. თუ იგივე ფასი მექნება, მაშინ რატომ გადავიდე ისევ იქ? რუსეთი არასტაბილურია, როგორც მისი ეკონომიკა, ისე სამთავრობო ელიტა”, – განაცხადა ვახტანგ იობაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები