მილიონერი, რომელიც მონაზონი გახდა – ენ რასელ მილერის უჩვეულო ისტორია
2021 წლის ივნისში ჩიკაგოს ერთ-ერთ მონასტერში 92 წლის მონაზონი გარდაიცვალა, რომელმაც მრავალი წლის წინ დუმილის, განმარტოების და სიღარიბის აღთქმა დადო. სამი ათწლეულის მანძილზე ის დავიწყებას მიეცა და მხოლოდ ახლობლებს თუ ახსოვდათ, რომ წარსულში მარია ჟოზეფა ნაღები საზოგადოების წევრი და მილიონერი იყო, რომლის სახელიც მუდამ განხილვის საკითხი გახლდათ.
სანამ აღთქმას დადებდა, მარია ჟოზეფას საზოგადოება იცნობდა, როგორც ენ რასელ მილერს, მდიდარ ქალბატონს სან-ფრანცისკოდან, რომელიც მდიდრულ საღამოებს აწყობდა, ყიდულობდა აბონიმენტებს ოპერაში და ათი შვილის დედის სტატუსსაც ატარებდა. მისი ბიოგრაფია საკმაოდ უჩვეულოა. 1928 წელს დაბადებული ენი მონაზვნობაზე ოცნებობდა, მაგრამ მოულოდნელმა სიყვარულმა მისი გეგმები შეცვალა. მისი რჩეული ძალიან სიმპათიური და მდიდარი იყო. 20 წლის ასაკში ის რიჩარდ მილერზე გათხოვდა, კომპანია Pacific Gas and Electric-ის ვიცე-პრეზიდენტზე. 27 წლის ასაკში უკვე 5 შვილი ჰყავდა, მომდევნო ათწლეულში კი, კიდევ 5 გააჩინა.
„ის ამას დაგეგმილ მშობლობას უწოდებდა. მას მილიონი მეგობარი ჰყავდა. ის ეწეოდა, სვამდა, თამაშობდა ბანქოს. გატაცებული იყო დაივინგით. ისე სწრაფად და უგუნურად ატარებდა მანქანას, რომ გადმოსულ მგზავრებს ფეხი სტკიოდათ, ვინაიდან მთელი ძალით აჭერდნენ ფეხს წარმოსახვით მუხრუჭს. ერთ დღეს მან თავი დაანება თამბაქოს მოწევას, ალკოჰოლის და ყავის დალევას და ამასთანავე, რაღაცნაირად მოახერხა, რომ არავინ მოეკლა მავნე ჩვევების დავიწყების პროცესში“, – წერს თავის მემუარებში მისი უმცროსი ვაჟი მარკ მილერი.
ენი შვილებს 9-საძინებლიან სახლში ზრდიდა, რომელიც სან-ფრანცისკოს ყურეს გაჰყურებდა. ამასთანავე, მას უამრავი დრო ჰქონდა გასართობად: მეგობრები დაჰყავდა სამთო კურორტებზე სასრიალოდ, მოგზაურობდა გემით ხმელთაშუა ზღვაში და არქეოლოგიურ გათხრებს აწარმოებდა. ის 22 სხვადასხვა საზოგადოებრივი კრების წევრი იყო და აგროვებდა ფულს კოლეჯის ნიჭიერი სტუდენტებისთვის და უსახლკაროებისთვის. მისი მეუღლე 1984 წელს სიმსივნისგან გარდაიცვალა.
ამის შემდეგ ქალმა გრძელი გზა გაიარა ერთ-ერთ ყველაზე მკაცრ სამონასტრო ორდენში შესვლისთვის. ხუთი წლის შემდეგ ყველაფერი გასცა, რაც ჰქონდა, იმისთვის, რომ ილინოისის შტატში, დეს-პრეისში მონაზონი გამხდარიყო.
ეს დახურული, ასკეტური ორდენია, რომელიც ძირითადად ჩუმად ცხოვრობს. წევრები, აუცილებელი საჭიროების გარდა, მონასტერს არ ტოვებენ. მონაზვნები საუბრობენ მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში და მაქსიმალურ დროს ტოვებენ ფიქრისა და ლოცვისთვის.
„ის უჩვეულო მონაზონი იყო. ცუდად მღეროდა, ხშირად აგვიანებდა თავისი მოვალეობების შესრულებას მონასტერში და ეთამაშებოდა ადგილობრივ ძაღლებს, უგდებდა მათ ჯოხებს, რაც აკრძალული იყო. უკანასკნელი 33 წლის განმავლობაში მე ის მხოლოდ ორჯერ ვნახე. მასთან სტუმრობისას შეხება არ შეგვეძლო, ჩვენ ყოველთვის ორმაგი მეტალის რიკულები გვყოფდა“, – წერს მარკი.
ენს 28 შვილიშვილი ჰყავდა, რომელთაგან რამდენიმე საერთოდ არ უნახავს და ათზე მეტი შვილიშვილი, რომელთაგან საერთოდ არცერთი არ უნახავს. მას კელიაში ეძინა ფიცარზე, რომელზეც ძალიან თხელი ლეიბი ეგო, დღისით კი, უხეში მატერიის ტანსაცმელი და სანდლები ეცვა. ეს ძალიან განსხვავდებოდა მისი ჩვეული ცხოვრებისგან, სადაც აბრეშუმის ქოლგა, „ჰერმესის“ ყელსახვევი და „ვერსაჩეს“ ფეხსაცმელი ამშვენებდა.
თავის 61-ე დაბადების დღეზე ენმა წვეულება მოაწყო, სადაც 800 სტუმარი მოიწვია Hilton-ის სასტუმროში, რათა გამომშვიდობებოდა მეგობრებსა და ახლობლებს. ისინი ძვირადღირებულ ზღვის პროდუქტებს მიირთმევდნენ და ცოცხალ საორკესტრო მუსიკას უსმენდნენ. სტუმრები ჰყვებოდნენ, რომ ენს ყვავილების გვირგვინი ედო თავზე, ზედ კი ჰელიუმის ბუშტი გამოება, წარწერით – „მე აქ ვარ“, რათა ნებისმიერ სტუმარს დაენახა ის და პირადად გამომშვიდობებოდა. ამბობდა, რომ პირველი 30 წელი საკუთარ თავს მიუძღვნა, მეორე 30 წელი – შვილებს, ხოლო თავისი ცხოვრების უკანაკსნელ მესამედს ღმერთს მიუძღვნიდა. მეორე დღეს ჩიკაგოში გაფრინდა, რათა მონასტერში ეცხოვრა.