ევროკავშირი უკრაინას დამატებით 110 მილიონი ევროს ღირებულების ჰუმანიტარულ დახმარებას გამოუყოფს

ევროკავშირი ომის შედეგად დაზარალებულ უკრაინელებს დამატებით 110 მილიონი ევროს ღირებულების ჰუმანიტარულ დახმარებას გამოუყოფს.

უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ ნათქვამია ევროკომისიის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ პრესრელიზში.

„უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომი გრძელდება, ქვეყანაში ჰუმანიტარული მდგომარეობა კვლავ მძიმე რჩება. ზამთრის დაწყება ომის შედეგად დაზარალებულ ისედაც დაუცველ თემებს ახალ გამოწვევებს უქმნის. ამიტომ კომისია 110 მილიონ ევროს ჰუმანიტარულ დახმარებას გამოყოფს, საიდანაც 100 მილიონი ევრო უკრაინაში ოპერაციებს და 10 მილიონი ევრო უკრაინელი ლტოლვილებისა და მოლდოვაში მასპინძელი თემების მხარდაჭერას მოხმარდება“, – ნათქვამია დოკუმენტში.

ამასთან, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ეს ახალი დაფინანსება დაეხმარება ევროკავშირის ჰუმანიტარულ პარტნიორებს უზრუნველყონ ისეთი აუცილებელი მომსახურება, როგორიცაა ფულადი დახმარება, საკვები, წყალი, თავშესაფარი, ჯანდაცვა, ფსიქოსოციალური მხარდაჭერა და დაცვა.

ცნობისთვის, ომის დაწყების შემდეგ ევროკავშირმა უკრაინას, ჰუმანიტარული დახმარებისთვის, საერთო ჯამში, 843 მილიონი ევრო გამოუყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები