7 ქალაქის წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით, მიმდინარე სამუშაოები შეუფერხებლად გაგრძელდება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, გიორგი კობერიძემ, შ.პ.ს. „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ წარმომადგენლებთან ერთად, პროექტის ძირითადი დამფინანსებლის, აზიის განვითარების ბანკის (ADB) წარმომადგენლებთან, სამუშაო შეხვედრა გამართა.
რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა „ურბანული სერვისების განვითარების საინვესტიციო პროგრამის“ ფარგლებში აღებული სესხის IV ტრანშის დეტალები განიხილეს და შეთანხმდნენ, რომ საქართველო აღნიშნულ სესხს, შემჭიდროებულ ვადებში, მიმდინარე წელსვე მიიღებს, რაც საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საშუალებას მისცემს 7 ქალაქის მოსახლეობის წყლით უზრუნველყოფის პროცესი დააჩქაროს.
ADB-ის წარმომადგენლებმა 2013-14 წლებში ქართული მხარის მიერ შესრულებული სამუშაოები დადებითად შეაფასეს და აღნიშნეს, რომ ეს პროგრესი დღეს მიღწეული შეთანხმების მნიშვნელოვანი წინაპირობა გახდა.
თავის მხრივ, მინისტრის მოადგილემ აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლებს ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, საქვეუწყებო დაწესებულებასთან, „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიასთან“ ერთად, პროცესებში კვლავ აქტიურად ჩაერთვება და მაქსიმალური შედეგის მისაღწევად, ყველა მის ხელთ არსებულ რესურსს გამოიყენებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები