დავით ნარმანია 11 სექტემბრის ტერაქტისადმი მიძღვნილ მიღებას დაესწრო
თბილისის მერი დავით ნარმანია 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტის 13 წლისთავისადმი მიძღვნილ ოფიციალურ მიღებას დაესწრო.
როგორც დავით ნარმანიამ აღნიშნა, საქართველოს თავისი წვლილი შეაქვს ტერორიზმის წინააღმდეგ მსოფლიოს სამართლიან ომში. ათასობით ქართველი, მათ შორის, ბევრი თბილისელი იბრძვის ავღანეთში, ამერიკელი მეგობრების მხარდამხარ, რათა დაეხმაროს ავღანელ ხალხს, გათავისუფლდეს ექსტრემისტთა ძალმომრეობისაგან.
„ჩვენ შევიკრიბეთ საქართველოს მეგობარი ქვეყნის – ამერიკის შეერთებული შტატებისა და მსოფლიოს უახლეს ისტორიაში ერთ–ერთი ყველაზე ტრაგიკული თარიღის აღსანიშნავად. 2001 წლის 11 სექტემბერს მომხდარს ზოგჯერ „ათასწლეულის ტერაქტს” უწოდებენ. იგი მართლაც უპრეცედენტო იყო თავისი სისასტიკითა და დაუნდობლობით, როდესაც ტერორისტებმა, თავისუფალი სამყაროს გულში, იერიში მიიტანეს თავისუფლების სიმბოლოებზე და, რაც მთავარია, ხელყვეს ყველაზე დიდი ღირებულება, რაც კი დემოკრატიას გააჩნია – ადამიანის სიცოცხლე! თუმცა, განვლილმა წლებმა დაადასტურა, რომ ტერორისტებმა შეძლეს, დაენგრიათ ცათამბჯენები, მაგრამ ვერ შეძლეს დაენგრიათ ამერიკელი ხალხისა და მთელი მსოფლიოს თავისუფლებისმოყვარე ადამიანთა მტკიცე რწმენა და ერთგულება დემოკრატიული იდეალებისადმი. თბილისი და თბილისელები კიდევ ერთხელ გულწრფელად ვუთანაგრძნობთ ჩვენს ამერიკელ დებსა და ძმებს, ნიუ-იორკისა და ვაშინგტონის მაცხოვრებლებს, ყველა ამერიკელს თუ უცხოელს, იმ უდიდესი დანაკარგის, იმ ტკივილის გამო, რაც მათ განიცადეს“- განაცხადა დავით ნარმანიამ.
თბილისის მერიის ინფორმაციით, დავით ნარმანიამ, ამერიკელ მეგობრებს მშვიდობა უსურვა და იმედი გამოთქვა, რომ საერთო ძალისხმევა შედეგს გამოიღებს და მომავალი თაობა იცხოვრებს ისეთ მსოფლიოში, სადაც აღარ იარსებებს ტერორიზმის საფრთხე.
«ამერიკის მეგობართა კლუბის» მიერ ორგანიზებულ მიღებას საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, მთავრობისა და პარლამენტის წევრები და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.