ნოდარ ტურძელაძე: ხელისუფლებამ, საზოგადოებასთან ერთად, ევროინტეგრაციის გზაზე არაერთ ხელშესახებ წარმატებას მიაღწია
„საქართველოს ხელისუფლებამ ჩვენს საზოგადოებასთან ერთად მიაღწია არაერთ ხელშესახებ წარმატებას ევროინტეგრაციის გზაზე: უვიზო მიმოსვლა ჩვენი მოქალაქეებისათვის, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, ასოცირების ხელშეკრულების გაფორმება და ახალ უკვე დადებითი რეკომენდაცია კანდიდატის სტატუსზე. დარწმუნებული ვართ, რომ დეკემბერში საქართველო მიიღებს კანდიდატის სტატუსს. ეს არის ფაქტები”, – განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილემ, ნოდარ ტურძელაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
მისი თქმით, ასეთი მიღწევების მიუხედავად, იმედგაცრუებული და დაბნეული ოპოზიცია ისევ აგრძელებს საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობას, რომ თითქოს საქართველოს ხელისუფლებას კი არ მიეცა დადებითი რეკომენდაცია სტატუსის მინიჭების თაობაზე, არამედ მხოლოდ ქართველ ხალხს, ოპოზიციის ძალისხმევის შედეგად.
„მიუხედავად თქვენი მიზანმიმართული მტრობისა ჩვენი ხელისუფლების, საქართველოს ეკლესიის, ქართველი ხალხის მიმართ, მიუხედავად ჩვენს რეგიონში არსებული არაერთი გამოწვევისა, რეგიონში არსებული საომარი მოქმედებისა, ჩვენი ხალხი და მათ მიერ ნდობაგამოცხადებული მთავრობა, პარლამენტი მაინც ახერხებს, რომ ქვეყანაში იყოს მშვიდობა ომის ნაცვლად, ეკონომიკური უკუსვლის ნაცვლად ზრდიდეს ეკონომიკას, ყოველწლიურად ზრდიდეს ხელფასებს, ხელს უწყობდეს კერძო სექტორის განვითარებას შევიწროვების ნაცვლად, ქმნიდეს ინფრასტრუქტურას, რომ აღარაფერი ვთქვათ ჯანდაცვის და სოციალური პროგრამების გაფართოებაზე. კარგად გაიაზრეთ, ასეთი ტყუილებით, რომლებსაც ყოველდღიურად კადრულობთ, ვერც ადრე ახერხებდით, ვერც ახლა შეძლებთ ჩვენი საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. საზოგადოება და ხელისუფლება აუცილებლად გააგრძელებს ჩვენი ქვეყნის განვითარებას და წინსვლას მომავალშიც”, – მიმართა ნოდარ ტურძელაძემ ოპოზიციას.