საპატრიარქო: ქობულეთში მომხდარი ფაქტი მორწმუნე მუსლიმთა რელიგიური გრძნობების უხეში შეურაცხყოფაა
საქართველოს საპატრიარქო რელიგიურ ნიადაგზე ქობულეთში განვითარებულ მოვლენებს სპეციალური განცხადებით ეხმაურება. განცხადებაში აღნიშნულია, რომ გუშინ ქობულეთში მომხდარი ფაქტი მორწმუნე მუსლიმთა რელიგიური გრძნობების უხეში შეურაცხყოფაა და ასეთი ქმედება მიუღებელია როგორც ქრისტიანული, ისე ნებისმიერი ტრადიციული რელიგიისათვის.
განცხადების თანახმად, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია გმობს და ემიჯნება მომხდარს. საპატრიარქოში ასევე აღნიშნავენ, რომ ისლამური სკოლა-პანსიონატის აშენება ხელისუფლებასთანაც შეუთანხმებლად მოხდა.
“სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს მეტად თბილი დამოკიდებულება აქვს საქართველოში მცხოვრებ სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენლებთან, მათ შორის მუსლიმებთან. ასევე საუკეთესო ურთიერთობა აქვს დამყარებული ისლამური ქვეყნების მეთაურებთან და სულიერ ლიდერებთან აზერბაიჯანში, თურქეთში, ირანში, ქუვეითში. სამწუხაროდ, აღინიშნა ისიც, რომ რამდენიმე წელია პერიოდულად მომსწრენი ვხდებით გარკვეული ძალების პროვოკაციული მცდელობებისა, რომელთა მიზანია საქართველოს ეკლესიის დისკრედიტაცია”, – ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან, განცხადებაში საპატრიარქო ეჭვს გამოთქვამს იმასთან დაკავშირებით, რომ მომხდარი, ერთი მხრივ, დაემთხვა იმ დროს, როდესაც საქართველოში დაგეგმილია თურქეთის რელიგიის საქმეთა სამმართველოს თავმჯდომარის ვიზიტი, რომელიც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოწვევით ჩამოდის თბილისში და, მეორე მხრივ, თბილისში იმართება ორდღიანი საერთაშორისო კონფერენცია რელიგიის თავისუფლების თემაზე, რომელშიც გაეროს სპეციალური მომხსენებელი მონაწილეობს.
“რა თქმა უნდა, პროვოკაციას ჩვენ ვხედავთ 10 სექტემბერს ჩადენილ ქმედებაში, მაგრამ ვხედავთ იმაშიც, რომ მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის ნების საწინააღმდეგოდ და ხელისუფლებასთანაც შეუთანხმებლად მოხდა ისლამური სკოლა-პანსიონის აშენება, რომლის რელიგიური დანიშნულებაც ეჭვგარეშეა. საქართველოს კანონმდებლობა მუსლიმებს ან სხვა რომელიმე კონფენსიის წარმომადგენლებს შეიძლება აძლევდეს ამის ნებას, მაგრამ მორალურად და, მითუმეტეს, რელიგიურად გამართლება არ აქვს ისეთ ქმედებას, რომელიც ხალხში დიდ შფოთსა და დაპირისპირებას იწვევს”, – ნათქვამია განცხადებაში.