11 სექტემბერს დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის სამაშველო მომზადებისა და რეაგირების სამმართველოს ბაზაზე 2001 წლის 11 სექტემბერს აშშ-ში მომხდარი ტრაგედიისადმი მიძღვნილი ცერემონია გაიმართა. როგორც შს სამინისტროში განმარტავენ, ღონისძიებას, საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის დირექტორ ზვიად ქაწაშვილთან და დეპარტამენტის სხვა თანამშრომლებთან ერთად, ესწრებოდნენ აშშ-ს ქვეყნებს შორის პარტნიორობის პროგრამის ოფიცერი, მაიორი კოლინ ტომპსონი და წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, მამა გიორგი ჩაჩუა.
ღონისძიებაზე კიდევ ერთხელ გაიხსენეს 13 წლის წინ მომხდარი საზარელი ტრაგედია და წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს ტერორისტული აქტის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას. ცერემონიის დასასრულს, მამა გიორგიმ შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის პირადი შემადგენლობა და მეხანძრე-მაშველები დალოცა.