აგრარულ საკითხთა კომიტეტმა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების მდგომარეობაზე იმსჯელა
აგრარულ საკითხთა კომიტეტმა სურსათის უვნებლობის, მცენარეთა დაცვისა და ვეტერინარიის მიმართულებით, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების მდგომარეობა განიხილა.
აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ნინო წილოსანის განცხადებით, ნიშანდობლივია ამ საკითხის განხილვა სწორედ ახლა, როდესაც ევროკომისიამ მიიღო გადაწყვეტილება გაუწიოს საქართველოს რეკომენდაცია კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ. მისი შეფასებით, სხვა სტრუქტურებთან ერთად, ეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დამსახურებაცაა, ვინაიდან ამ მიმართულებით უწყებას უკავშირდება უფლებები და ვალდებულებები, რომელთა შესრულებამაც მნიშვნელოვნად განაპირობა ჩვენი ქვეყნისათვის აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება.
„ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ” შეთანხმებით (DSFTA) გათვალისწინებული ვალდებულებებისა და მათი შესრულების მიმდინარეობასთან დაკავშირებით, მომხსენებელმა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა განაცხადა, რომ ევროკომისიამაც აღნიშნა ის ფაქტი, რომ ამ მიმართულებით საქართველოს გარკვეული პროგრესი უკვე აქვს.
„ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ” შეთანხმებით განსაზღვრულია ყველა ის ვალდებულება, რომელიც საქართველოს სურსათის უვნებლობის, სანიტარიის და ფიტოსანიტარიის მიმართულებით ევალება. 2015 წლიდან, მას შემდეგ, რაც საქართველომ ვალდებულებების შესრულება დაიწყო, ევროკავშირში ცალკეულმა რეგულაციებმა, განსაკუთრებით სურსათის უვნებლობის კუთხით, ცვლილებები განიცადა და ახალი რეგულაციებით ჩანაცვლდა. შესაბამისად, დღის წესრიგში დანართის განახლების აუცილებლობა დადგა. მარტში, საქართველოსა და ევროკომისიას შორის ერთობლივი თანამშრომლობის შედეგად, DSFTA შეთანხმების დანართის განახლება მოხდა და სამართლებრივი აქტების რაოდენობა 272-ის ნაცვლად, 200-ით განისაზღვრა”, – განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.
მისი ინფორმაციით, საკანონმდებლო დაახლოების პროცესი გეგმის მიხედვით მიმდინარეობს და დღესდღეობით 200 სამართლებრივი აქტიდან 129 დაახლოებულად ითვლება სამართლებრივი აქტი, რომელიც სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის მიმართულებით სხვადასხვა საკითხს ეხება.
მომხსენებლის განცხადებით, 2023 წლის გეგმით გათვალისწინებულია ევროკავშირის 20 სამართლებრივ აქტთან საქართველოს კანონმდებლობის დაახლოება, აქედან 13 სამართლებრივი აქტი დაახლოებულია, 7 სამართლებრივი აქტი კი დამტკიცების პროცესშია და ეს პროცესი წლის ბოლოსთვის დასრულდება.
რაც შეეხება საკანონმდებლო დაახლოების კუთხით სამომავლო გეგმებს, 2024 წლისთვის 15 სამართლებრივ აქტთან დაახლოების პროცესი გაგრძელდება. საქართველოს საკუთარი კანონმდებლობის ევროკავშირის ძირითად სამართლებრივ აქტებთან დაახლოების ვალდებულება 2028 წლამდე აქვს აღებული.
ნინო თანდილაშვილმა კომიტეტის წევრებს ასევე გააცნო ინფორმაცია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროზე საქართველოს კანონების გარდამავალი დებულებებით განსაზღვრული დავალებების შესრულების მიმდინარეობის შესახებ. როგორც მან აღნიშნა, დავალებების ძირითადი ნაწილი შესრულებულია, წლის ბოლოსთვის კი ყველა დავალება იქნება შესრულებული.
კომიტეტმა ორივე ინფორმაცია ცნობად მიიღო.