“საქართველომ თავისი რეფორმები, საკანონმდებლო თავსებადობა, ეკონომიკური და სოციალური პოლიტიკის თავსებადობა მაქსიმალურად უნდა დაუახლოოს ევროკავშირის სტანდარტებს” – ირაკლი ქადაგიშვილი
“ეს არ იქნება ხანმოკლე და მარტივად გასავლელი გზა, რამეთუ საქართველომ თავისი განვითარება, რეფორმები, საკანონმდებლო თავსებადობა, ეკონომიკური და სოციალური პოლიტიკის თავსებადობა მაქსიმალურად უნდა დაუახლოოს ევროკავშირის სტანდარტებს”, – ამის შესახებ „ქრონიკის“ ეთერში საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
„ეს არის საკმაოდ გრძელი განვლილი გზის ახალი ეტაპი. უნდა ითქვას ისიც, რომ ეს არ იქნება ხანმოკლე და მარტივად გასავლელი გზა, რამეთუ საქართველომ თავისი განვითარება, რეფორმები, საკანონმდებლო თავსებადობა, ეკონომიკური და სოციალური პოლიტიკის თავსებადობა მაქსიმალურად უნდა დაუახლოოს ევროკავშირის სტანდარტებს. მუშაობა გაგრძელდება ყველა მიმართულებით, ეს ეხება მართლმსაჯულებას, დემოკრატიას, ეკონომიკას და სხვა მიმართულებებს. ჩვენი პრიორიტეტი იქნება პროგრესის მიღწევა და განვითარება არა რომელიმე კონკრეტული ერთი მიმართულებით, არამედ ყველა მიმართულებით.
მხოლოდ პოლიტიკური მდგენელი არ იქნება მთავარი კრიტერიუმი ჩვენი ევროინტეგრაციის გზაზე. ძალიან მალე წინ წამოიწევს ისეთი კრიტერიუმები, როგორიც არის ეკონომიკური ფაქტორები, ეკონომიკის განვითარების ხარისხი, სოციალური პოლიტიკა და მისი თავსებადობა ევროკავშირის სოციალურ პოლიტიკასთან. ასე რომ, სამუშაო ყველა მიმართულებით გვაქვს და ყველა მიმართულება თავისთავად არის პრიორიტეტში“, – აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.