დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა წინანდალში გასვლითი სხდომა გამართა
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა წინანდალში გასვლითი სხდომა გამართა. კომიტეტმა მოისმინა საქართველოს ენერგეტიკის სექტორში არსებული მდგომარეობის შესახებ ანგარიში, რომელიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ, რომეო მიქაუტაძემ წარადგინა.
მანვე დეპუტატებს გააცნო ენერგეტიკის დარგში განხორციელებულ საქმიანობასთან დაკავშირებით საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულების შესახებ ინფორმაცია.
მომხსენებლის განცხადებით, 2012-2023 წლებში ექსპლუატაციაში შევიდა 66 ელექტროსადგური, მათ შორის 63 ჰიდროელექტროსადგურია, 2 თბოსადგური და 1 ქარის სადგური. მან ასევე ყურადღება გაამახვილა შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი ხაზის მნიშვნელობასა და პერსპექტივებზე, მწვანე წყალბადის წარმოებისთვის გაწეულ საქმიანობაზე და სხვა მიმდინარე პროექტებზე, რომლებმაც ქვეყნის ენერგეტიკული დამოუკიდებლობა უნდა უზრუნველყოს.
„დღეს იმ მოცემულობაში ვართ, როდესაც დადებითი რეკომენდაციაა გაცემული ჩვენი ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით. სწორედ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულების მიზნით ჩვენი ამოცანაა ენერგეტიკის დარგში რაც შეიძლება მეტი რეფორმა განხორციელდეს, რომ გაიზარდოს ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებისა და ენერგოდამოუკიდებლობის ხარისხი. ეს ასევე, უპირველესად აუცილებელია ქვეყნის მდგრადი ეკონომიკური განვითარებისთვის”, – განაცხადა რომეო მიქაუტაძემ.
მინისტრის პირველმა მოადგილემ განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა სექტორში ინვესტიციების მოზიდვაზე და აღნიშნა, რომ სამინისტრო ინტენსიურად მუშაობს დარგში ინვესტიციების მოზიდვისათვის. კერძოდ აღნიშნა, რომ განხორციელდა ცვლილებები კანონმდებლობაში ქვეყნის ელექტროენერგეტიკული სექტორით ინვესტორების დასაინტერესებლად. მისი თქმით, საინვესტიციო გარემოს შემდგომი გაუმჯობესების მიზნით დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით საქართველოს მთავრობამ შეიმუშავა კონკურენციისა და საბაზრო პრინციპებზე დაფუძნებული განახლებადი ენერგიების მხარდაჭერის ახალი სქემა, რომლის მიზანიც განახლებადი ენერგიების ათვისებისთვის ინვესტიციების მოზიდვაა.
კომიტეტმა ასევე მოისმინა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის საქმიანობის შესახებ 2022 წლის ანგარიში და დამოუკიდებელი აუდიტორის დასკვნა ფინანსურ ანგარიშგებებზე.
ანგარიში ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ წარადგინა.
დოკუმენტი მოიცავს ინფორმაციას კომისიის საქმიანობის ძირითადი მიმართულებების შესახებ, ენერგეტიკის სექტორში არსებული მდგომარეობისა და ასოცირების შეთანხმებითა და ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების წევრობით აღებული ვალდებულებების შესრულების მდგომარეობის თაობაზე. ანგარიშში ასევე დეტალურად იყო წარმოდგენილი ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების კანონმდებლობასთან მარეგულირებელი ჩარჩოს ჰარმონიზაციის პროცესი; ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზის და წყალმომარაგების სექტორში მიმდინარე ძირითადი მოვლენები და ტენდენციები. ასევე ინფორმაცია მომსახურების ხარისხისა და სტანდარტების თაობაზე, საერთაშორისო ურთიერთობებსა და კადრების გადამზადების საკითხებზე.
დავით ნარმანიამ ასევე ისაუბრა 2023 წელს დაგეგმილი აქტივობების შესახებ.
კომიტეტის გასვლითი სხდომა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით გაიმართა.