ევროკომისია: თურქეთი ევროკავშირს შორდება
ევროკომისიის ანგარიშში ნათქვამია, თურქეთი, როგორც ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატი ქვეყანა, ბლოკთან დაშორებას აგრძელებს.
ამის შესახებ Eurointegration წერს.
დოკუმენტში გამოიხატება შეშფოთება იმასთან დაკავშირებით, რომ ანკარა დემოკრატიას შორდება, ხდება ჩრდილოეთ კვიპროსის მილიტარიზაცია და ისმის “ჰამასის” მხარდამჭერი რიტორიკა.
„თურქეთი ევროკავშირთან დაშორებას აგრძელებს, მან ასევე არ შეცვალა ნეგატიური ტენდენცია რეფორმებთან დაკავშირებით, მიუხედავად იმისა, რომ არაერთგზის განაცხადა ევროკავშირის წევრობისადმი ერთგულება“, – ნათქვამია ანგარიშში.
ევროკომისიაში აცხადებენ, რომ ანკარა რჩება მომზადების „საწყის ეტაპზე“ ისეთ სფეროებში, როგორიცაა სასამართლო სისტემა და კორუფციასთან ბრძოლა, რადგან ქვეყანა უარს ამბობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს რამდენიმე გადაწყვეტილების შესრულებაზე.
„ევროკავშირის სერიოზულ შეშფოთებას იწვევს ის, რომ არ არის გათვალისწინებული დემოკრატიული სტანდარტების გაუარესება, კანონის უზენაესობა, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობისა და ფუნდამენტური უფლებების პატივისცემა“, – ნათქვამია ანგარიშში.
თურქეთმა პირველად ევროპის ეკონომიკურ საზოგადოებაში შესვლის განაცხადი 1987 წელს გააკეთა; კანდიდატის სტატუსი 1999 წელს მიიღო, ხოლო მოლაპარაკებები 2005 წელს დაიწყო.