ქართულმა დელეგაციამ – ირაკლი ბერაიას ხელმძღვანელობით, საფრანგეთის ევროპის და საგარეო საქმეთა სამინისტროში შეხვედრა გამართა
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, ირაკლი ბერაიას ხელმძღვანელობით, საფრანგეთის ევროპისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს კონტინენტური ევროპის დეპარტამენტის დირექტორ ბრის როკფეის შეხვდა.
პარლამენტის ინფორმაციით, მხარეებმა ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობაზე და მისი შემდგომი გაძლიერების მნიშვნელობაზე. ირაკლი ბერაიამ მასპინძელ მხარეს საქართველოს უსაფრთხოების გამოწვევების, ოკუპირებულ რეგიონებში და საოკუპაციო ხაზზე არსებული ვითარების შესახებ უახლესი ინფორმაცია გააცნო.
ქართველი კანონმდებელი ფრანგ დიპლომატს რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ კირბალთან საქართველოს მოქალაქის მკვლელობის ფაქტსა და რუსული ოკუპაციის სხვა მძიმე შედეგებზე ესაუბრა. აღინიშნა საოკუპაციო ძალაზე წნეხის გაზრდის საჭიროება 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შესრულებისა და დეოკუპაციის მიზნით.
კომიტეტის თავმჯდომარემ დეტალურად ისაუბრა ევროპული ინტეგრაციის გზაზე განხორციელებულ რეფორმებზე და ხაზი გაუსვა კანდიდატის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობას.
ირაკლი ბერაიამ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საქართველოს ნატოში ინტეგრაციის გზაზე მიღწეულ პროგრესსა და ალიანსის მოკავშირეების მხრიდან ასპირანტი საქართველოს გაწევრების გადაწყვეტილების აუცილებლობაზე, ასევე, შავი ზღვის რეგიონში ნატოს გაძლიერებული ყოფნის საჭიროებაზე.
როგორც ქართული დელეგაციის ხელმძღვანელმა აღნიშნა, საფრანგეთის მხარდაჭერა საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია.
ქართული დელეგაციის წევრებმა ფრანგულ მხარეს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადეს.
შეხვედრაში პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეები, ალექსანდრე ტაბატაძე და თენგიზ შარმანაშვილი, საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი – გოჩა ჯავახიშვილი და დესპანი – ეკატერინე კოკაია მონაწილეობდნენ.