ე.წ. შს მინისტრი აცხადებს, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში შვიდ შეიარაღებულ პირს ეძებენ

დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში შვიდ შეიარაღებულ პირს ეძებენ. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრ რობერტ კიუტზე დაყრდნობით ავრცელებს.

მისი თქმით, შეიარაღებული ადამიანების ჯგუფი ადგილობრივმა მონადირეებმა გულრიფშის რაიონში შენიშნეს და მათ ახლა ე.წ. ძალოვანი სტრუქტურები ეძებენ.

როგორც ე.წ. მინისტრი მონადირეებზე დაყრდნობით იუწყება, შეიარაღებული ადამიანების ჯგუფს რამე საიდენტიფიკაციო ნიშნები არ გააჩნდათ.

„გულრიფშის რაიონის სოფელ აზანტასთან ადგილობრივმა მონადირეებმა ყოველგვარი საიდენტიფიკაციო ნიშნის გარეშე შეიარაღებული შვიდი პირი დაინახეს. ისინი უცროური იარაღით იყვნენ შეიარაღებული, სავარაუდოდ M-4 შაშხანები ჰქონდათ, ეცვათ შავი ფორმები, ნიღბები, ჩაფხუტები, კარგად ეკიპირებულები იყვნენ. მათ ჰქონდათ დრონიც, რომელიც ტერიტორიაზე დაფრინავდა“, – განაცხადა რობერტ კიუტმა.

მანვე დასძინა, რომ ამ დროისთვის, სოხუმამდე მისასვლელი ყველა გზა გადაკეტილია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები