ილია დარჩიაშვილი: ევროკომისიის ამ გადაწყვეტილებამ კიდევ უფრო გაამყარა და შეუქცევადი გახადა ჩვენი ევროპული მომავალი
ეს ნამდვილად ისტორიული დღეა. ევროკომისიის ამ გადაწყვეტილებამ კიდევ უფრო გაამყარა და შეუქცევადი გახადა ჩვენი ევროპული მომავალი, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ქვეყანას ეს მიღწევა კიდევ ერთხელ მიულოცა და აღნიშნა, რომ მილოცვებს უცხოელი პარტნიორებისგან იღებს.
„მქონდა ძალიან საინტერესო შეხვედრა ევროკომისარ ვარჰეისთან, რომელთანაც ვისაუბრეთ უკვე ახალ ფაზაში გადასული საქართველოს მომავალ აქტივობებზე, რეფორმების დღის წესრიგზე. მე პირადად მივიღე შეტყობინება ბატონი ბორელისგან, რომელმაც ასევე მოგვილოცა ეს უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება და მინდა გითხრათ, რომ აქ, ბრიუსელში არის ძალიან სასიამოვნო განწყობა, რომ დღეს გამოცემული გაფართოების პაკეტი იქნება ახალი იმპულსი ევროპული რეალობისთვის, ევროკავშირის მომავლისთვის და ეს კიდევ უფრო გააძლიერებს ევროკავშირს და შექმნის ახალ შესაძლებლობებს“, – აღნიშნა დარჩიაშვილმა.
ცნობისთვის, ევროკომისიამ რეკომენდაციით მიმართა ევროპულ საბჭოს, რომ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭოს.