ილია მეორე – თამაზ გინტურზე: ოკუპანტთა მხრიდან მისთვის ზურგში ნასროლი ორი ტყვია მათი დიდი დანაშაული და დიდი სირცხვილია

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ თამაზ გინტურის მკვლელობის გამო მწუხარებას გამოთქვამს.

“კირბალში, საოკუპაციო ხაზთან მომხდარმა მკვლელობამ მთელი საქართველო აღაშფოთა. ბატონი თამაზ გინტურის სიცოცხლე ქვეყნისადმი სიყვარულსა და თავისი სალოცავი სიწმინდის მონახულების სურვილს შეეწირა. ოკუპანტთა მხრიდან მისთვის ზურგში ნასროლი ორი ტყვია მათი დიდი დანაშაული და დიდი სირცხვილია.

ღმერთმა ნათელში განუსვენოს თამაზის უკვდავ სულს და სამშობლოსათვის მებრძოლთა თანა სავანე მართალთა დაუმკვიდროს. მისი ოჯახის წევრებსა და ახლობლებს კი მომადლოს ლოცვის ძალა და ურყევი რწმენა მარადიული ცხოვრებისა, რომლის თანაზიარიც თამაზი უკვე გახდა”, – წერია სამძიმრის წერილში.
ცნობისთვის, ორი დღის წინ სოფელ კირბალთან რუსეთის საოკუპაციო ძალებმა საქართველოს მოქალაქე – თამაზ გინტური მოკლეს, ხოლო ლევან დოთიაშვილი უკანონოდ დააკავეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები