“ინალ არძინბა სასაცილო განცხადებებს აკეთებს, პალესტინას ახლა ნამდვილად არ აქვს იმის დრო, რომ ვინმე აღიაროს, ვინმესთან მეგობრული ურთიერთობა დაამყაროს” – ზაალ კასრელიშვილი

“პალესტინას ახლა ნამდვილად არ აქვს იმის დრო, რომ ვინმე აღიაროს და ვინმესთან მეგობრული ურთიერთობა დაამყაროს, ინალ არძინბა სასაცილო განცხადებებს აკეთებს”, – ამის შესახებ უსაფრთხოების საკითხების ანალიტიკოსმა, “კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის” თავმჯდომარემ, ზაალ კასრელიშვილმა მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში სტუმრობისას განაცხადა.

კასრელიშვილი ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის, ინალ არძინბას იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, “სოხუმს პალესტინასთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების იმედი აქვს.”

“მოგეხსენებათ, რომ სამხედრო ბაზის თემის შემდეგ რუსეთმა აფხაზეთს ბიუჯეტი შეუმცირა. ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი – ინალ არძინბა, რომელიც აფხაზეთში რუსეთის პირდაპირი წარმომადგენელია, უცნაურ განცხადებებს აკეთებს. ის ე.წ. პარლამენტის სხდომებზე არ მიდის, სადაც ანგარიში უნდა ჩააბაროს იმის გამო, რომ რუსეთი ნაკისრ ვალდებულებებს აღარ ასრულებს. რბილად რომ ვთქვათ, სასაცილო განცხადებებს აკეთებს იმის შესახებ, რომ, თურმე, აფხაზეთი პალესტინისგან აღიარებას და მასთან მეგობრული ურთიერთობების დამყარებას ელოდება. ეს, ერთი მხრივ, პასუხისმგებლობის გადაფარვაა, მას აფხაზეთის მოსახლეობის წინაშე პასუხები არ აქვს, თუ რატომ შეამცირა კრემლმა დაფინანსება, ცდილობს, ეს არარსებული მოლოდინებით გადაფაროს. პალესტინას ახლა ნამდვილად არ აქვს იმის დრო, რომ ვინმე აღიაროს და ვინმესთან მეგობრული ურთიერთობა დაამყაროს. ჯერ მისი მომავალია გაურკვეველი. თავად ფიქრობს, დასავლეთთან ურთიერთობები სერიოზულად დაალაგოს, ავტონომია მაინც რომ შეინარჩუნოს. გარდა ამისა, აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრს უნდა, რომ საერთაშორისო საზოგადოებას თავი აჩვენოს, აფხაზეთი დაანახოს, როგორც პალესტინა და მისი პრობლემები, რაც ასევე არასწორია. აფხაზეთი მესამე ქვეყნის მიერაა დაპყრობილი და მას საქართველოს სახელმწიფოებრიობის და ქართველი ერის წინააღმდეგ იყენებს. ის დანაშაული, რაც 90- იან წლებში მოხდა, ქართველების გამოდევნის ფაქტი ვერანაირად ვერ გადაიფარება. საერთაშორისო სამართლის ნორმებით ამ ყველაფერს თავის დროზე პასუხი გაეცემა.
რაც შეეხება ჩვენს მოსაზრებას ბიუჯეტის შემცირებაზე – იმისთვის, რომ სუბიექტურები არ ვიყოთ, ორ ვარიანტს განვიხილავთ. ერთი პრორუსული ორიენტაციის ქართველების ვარიანტია: თურმე, კრემლი აფხაზეთს ბიუჯეტს იმიტომ უმცირებს, ზეწოლას იმიტომ ახდენს, რომ აფხაზები აიძულოს, ქართველებთან მოლაპარაკებების მაგიდასთან დასხდნენ. ამ მოსაზრებას არსებობის უფლება აქვს, მაგრამ ეს ძალიან სუსტ ვერსიად გვეჩვენება იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ კრემლმა აფხაზეთზე უკვე ისეთი გავლენა მოიპოვა, ახლა ეს რევერანსები არ სჭირდება. მას ახლა სჭირდება, აფხაზები იძულებით დაიყოლიოს იმ მოთხოვნებზე, რაც აქვს. მას ერთადერთი მოთხოვნა აქვს – უნდა, აფხაზეთი ერთიან, დიდ სამხედრო რუსულ ბაზად და აფხაზები მის მომსახურე პერსონალად აქციოს”, – განაცხადა კასრელიშვილმა.

ცნობისთვის, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა, ინალ არძინბამ განაცხადა, რომ “სოხუმს პალესტინასთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების იმედი აქვს”.

ამის შესახებ მან ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროსთან არსებული საზოგადოებრივი საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

არძინბას თქმით, მიმდინარეობს დიალოგი რუსეთში პალესტინის სპეციალურ წარმომადგენელსა და რუსეთის ფედერაციაში პალესტინის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან.

„მინისტრმა აღნიშნა, რომ დიალოგი, სხვა საკითხებთან ერთად, ეხება დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების პერსპექტივებს“, – ნათქვამია ე.წ. უწყების განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები