ნეთანიაჰუ: ღაზა ალყაშია, ქალაქში ისრაელის თავდაცვის ძალები მოქმედებენ – გამარჯვებამდე არ გავჩერდებით
ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ქალაქი ღაზა ალყაშია და ისრაელის თავდაცვის ძალები „ჰამასზე“ ზეწოლას აძლიერებენ.
„ამ დროისთვის ათასობით ტერორისტი გავანადგურეთ. „ჰამასმა“ უკვე იცის, რომ ისეთ ადგილებს ვაღწევთ, რომ არც იფიქრებდნენ, რომ მივაღწევდით. სამხედრო კამპანია ჯერ კიდევ მიმდინარეობს.
დიპლომატიურ ფრონტზე ჩვენ ვმოქმედებთ 24 საათის განმავლობაში, რათა IDF-ს მივცეთ მოქმედების თავისუფლება დარჩენილი სამხედრო ოპერაციისთვის. გამარჯვებამდე არ გავჩერდებით“, – აღნიშნა ისრაელის მთავრობის მეთაურმა.
ამასთან, ნეთანიაჰუმ გააფრთხილა „ჰეზბოლა“ ისრაელის ჩრდილოეთ ფრონტზე ომში ჩართვასთან დაკავშირებით.
„ჩვენ არ დავემორჩილებით იმ რეალობას, როდესაც „ჰეზბოლა“ ან „ჰამასი“ ლიბანში ზიანს აყენებენ ჩვენს თემებს და მშვიდობიან მოსახლეობას. ჩვენ გავაგრძელებთ სასტიკი ცეცხლით პასუხს ნებისმიერ თავდასხმაზე. თუ „ჰეზბოლა“ აირჩევს ომში შესვლას, ეს იქნება ყველაზე დიდი შეცდომა მის ცხოვრებაში“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.