არჩილ თალაკვაძე: ნებისმიერი ნაბიჯი, რომელსაც ხელისუფლება დგამს რუსეთთან მიმართებით, უნდა იყოს ასჯერ გაზომილი
საფრთხის დონე რჩება მაღალი და, რა თქმა უნდა, ნებისმიერი ნაბიჯი, რომელსაც ხელისუფლება დგამს რუსეთთან მიმართებით, უნდა იყოს ასჯერ გაზომილი,- ამის მმართველი გუნდის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ ოკუპანტების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობის საკითხზე საუბრისას განაცხადა.
მისი შეფასებით, მომხდარი უმძიმესი დანაშაული კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ რუსეთის მხრიდან საქართველოს საფრთხეები ემუქრება.
„საფრთხის დონე რჩება მაღალი და, რა თქმა უნდა, ნებისმიერი ნაბიჯი, რომელსაც ხელისუფლება დგამს რუსეთთან მიმართებით, უნდა იყოს ასჯერ გაზომილი და უნდა იყოს ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების სრული პასუხისმგებლობით გადადგმული და არა ისე, როგორც გუშინ ეს ოპოზიციონერები სთხოვდნენ ევროკავშირს, რომ ორმხრივი ახალი სანქციების დაწესება ჩაუდეთ პირობებში საქართველოს კანდიდატის სტატუსის მისაღებადო“, -განაცხადა არჩილ თალაკვაძემ “ქრონიკაში”.
ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, სოფელ კირბალის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ადგილობრივი მცხოვრების უკანონოდ დაკავების მცდელობისას რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სროლის შედეგად გარდაიცვალა საქართველოს მოქალაქე და უკანონოდ დააკავეს ერთი ადამიანი.