“წოდებით მაიორი იყო, ეძებდნენ და დაიჭირეს კიდეც” – ოკუპანტების მიერ მოკლული თამაზ გინტურის ძმა

”2008 წელს მონაწილეობდა ომში, წოდებით იყო მაიორი და, მე როგორც ვიცი, ეძებდნენ და დაიჭირეს კიდეც”,- ამის შესახებ რუსი ოკუპანტების მიერ მოკლული თამაზ გინტურის ძმა, ნიკოლოზ გინტური აცხადებს.

მისივე თქმით, თამაზ გინტურს ორი ტყვია აქვს მოხვედრილი.

“ჩემი ძმა იყო გარდაცვლილი მშობლების საფლავზე. დაანთო სანთელი, დაბრუნდა უკან და დაინახა ლომისის ეკლესია, მოინდომა იქ ასვლა, ავიდა ეკლესიაში, შემოუარა სამჯერ, დაანთო სანთლები და რომ წამოვიდა, უკნიდან დაცხრილეს. ორი ტყვია აქვს მოხვედრილი. რომ ჩამოიყვანეს, უკვე დაღუპული იყო.

2008 წელს მონაწილეობდა ომში, წოდებით იყო მაიორი და, მე როგორც ვიცი, ეძებდნენ და დაიჭირეს კიდეც. 9 კაცი იყო და 9 კაცს ორი კაცი როგორ გაუსწორდებოდა. 9 ავტომატიანს, ხელით ხომ ვერ გაუსწორდებოდნენ”, – ამბობს ნიკოლოზ გინტური.

ცნობისთვის, გუშინ სოფელ კირბალთან რუსეთის საოკუპაციო ძალებმა საქართველოს მოქალაქე – თამაზ გინტური მოკლეს, ხოლო ლევან დოთიაშვილი უკანონოდ დააკავეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები