მიხეილ სარჯველაძე: შეუძლებელია, იმ ხელისუფლების პირობებში, რომელმაც 7 ნოემბერი დაატრიალა, დემოკრატიული მმართველობა ყოფილიყო
ეს არ არის საქართველოს ისტორიაში საამაყო ფურცელი. ვნახეთ, როგორ გათელა ფეხქვეშ იმჟამინდელმა ხელისუფლებამ სიტყვის თავისუფლება, გამოხატვის თავისუფლებაც, მედიის თავისუფლებაც და, პრაქტიკულად, ყველაფერი, რასაც თანამედროვე დემოკრატია და მისი ღირებულებები ჰქვია, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ 2007 წლის 7 ნოემბერს აქციის დარბევისა და ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრის ფაქტებთან დაკავშირებით განაცხადა.
„ცოცხლად ვიხილეთ, რამდენად ბრუტალური შეიძლება, აღმოჩნდეს ავტორიტარული მმართველობა, რომელსაც იმ პერიოდში ახორციელებდა სააკაშვილის ხელისუფლება და რომელმაც იმ დღეს წერტილი დაუსვა საქართველოში ყოველგვარ პერსპექტივას და შესაძლებლობას, რომ იმ დროს დემოკრატიული მმართველობა ყოფილიყო საქართველოში, უბრალოდ, შეუძლებელია, იმ ხელისუფლების პირობებში, რომელმაც 7 ნოემბერი დაატრიალა, ყოფილიყო დემოკრატიული მმართველობა. ეს უნდა ახსოვდეს საზოგადოებას, რომ მსგავსი რამ საქართველოში არასდროს განმეორდეს“, – განაცხადა სარჯველაძემ.
შეგახსენებთ, დღეს 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენებიდან 16 წელი გავიდა.