“ძალიან მძიმე დანაშაული მოხდა და ამაზე პირდაპირი პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას” – არჩილ თალაკვაძე
“ძალიან მძიმე დანაშაული მოხდა. ამ ყველაფერს კიდევ უფრო მეტად ამძიმებს ის, რომ მკვლელობა ჩადენილია საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების მიერ. ამაზე პირდაპირი პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას, რომელიც ჩვენი ტერიტორიების უკანონო ოკუპაციას ახორციელებს”, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცესპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.
„მე მინდა, მივუსამძიმრო ოჯახსა და ახლობლებს. მეორე – ჩვენი თანამოქალაქის ახლობლებს მინდა, ვუთხრა, რომ ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, რათა მოხდეს მისი დროულად დაბრუნება სახლში. ახლა ჩვენი უპირველესი ამოცანაა, რომ საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ გატაცებული და დაპატიმრებული ჩვენი თანამოქალაქე გავათავისუფლოთ და დავაბრუნოთ სახლში. ასევე, ჩვენი ამოცანა გახლავთ, რომ მაქსიმალური მობილიზაცია მოვახდინოთ ყურადღების ჩადენილ მკვლელობასთან დაკავშირებით რათა როდესაც დრო მოვა, პასუხისგებაში მიეცნენ დამნაშავეები და წარდგნენ საქართველოს მართლმსაჯულების წინაშე. რა თქმა უნდა, მაქსიმალურად უზრუნველვყავით საერთაშორისო პარტნიორების ინფორმირება. ევროკავშირის მონიტორინგის მისიაც გამოეხმაურა მყისიერად მომხდარს და საერთაშორისო შეფასებებიც გაკეთდა. კიდევ გაკეთდება და ჩვენ არცერთ შესაძლებლობას არ გავუშვებთ საერთაშორისო არენაზე, ფორუმებზე თუ პოლიტიკურ სამიტებზე, რომ ამ ფაქტთან დაკავშირებით ჩვენი რეაქცია ვაჩვენოთ მთელ მსოფლიოს“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, სოფელ კირბალის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე ადგილობრივი მცხოვრების უკანონოდ დაკავების მცდელობისას რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სროლის შედეგად გარდაიცვალა საქართველოს მოქალაქე და უკანონოდ დააკავეს ერთი ადამიანი.