რომეო მიქაუტაძე: ჩვენ ნათლად ვაცნობიერებთ მწვანე ეკონომიკის შესაძლებლობებს და მის პოტენციალს მდგრადი ეკონომიკური ზრდისათვის, სამუშაო ადგილების შექმნისა და სიღარიბის დასამარცხებლად
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილე რომეო მიქაუტაძემ მონაწილეობა მიიღო კონფერენციაში – „შექმნის თუ არა რესურსეფექტურობა ბიზნესის წარმატების საფუძველს საქართველოში“, რომელიც ევროკავშირის მხარდაჭერით და EU4Environment Green Economy პროგრამის განმახორციელებელი პარტნიორის, გაეროს სამრეწველო განვითარების ორგანიზაციისა (UNIDO) და მისი ეროვნული განმახორციელებელი პარტნიორის ენერგოეფექტურობის ცენტრი საქართველოს ორგანიზებით გაიმართა, – ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, მინისტრის პირველმა მოადგილემ მისასალმებელ სიტყვაში ვრცლად ისაუბრა საქართველოს ინდუსტრიის სექტორში რესურსეფექტურობის საკითხებზე.
„ჩვენ ნათლად ვაცნობიერებთ მწვანე ეკონომიკის შესაძლებლობებს და მის პოტენციალს მდგრადი ეკონომიკური ზრდისათვის, სამუშაო ადგილების შექმნისა და სიღარიბის დასამარცხებლად. გრძელვადიან პერიოდში, მრეწველობაში რესურსეფექტურობის გათვალისწინებით ბიზნესის ხარჯები შემცირდება და გაიზრდება კონკურენტუნარიანობა, დასაქმება და შემოსავლები. რესურსეფექტურობა იძლევა ბიზნესაქტივობების ახალ მიმართულებებს, ეკოლოგიურად სუფთა და მწვანე პროდუქტების წარმოებას, მდგრადი სატრანსპორტო სისტემებისა და ეკოტურიზმის განვითარებას, გონიერი და რესურსეფექტური ტექნოლოგიების დანერგვას. შედეგად ვიღებთ გაუმჯობესებულ ბიზნესგარემოს, ბაზრის დივერსიფიცირებას, მეტ დასაქმებას და გაუმჯობესებულ ეკონომიკურ ინდიკატორებს,“ – განაცხადა რომეო მიქაუტაძემ.
მისი თქმით, მცირე და საშუალო სიდიდის საწარმოები საქართველოს საწარმოთა 99,7%-ს წარმოადგენს.
„იმისათვის, რომ მივაღწიოთ გარემოს დაცვის მიზნებს, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ პროცესში მცირე და საშუალო სიდიდის საწარმოების ჩართულობა. ამ ტიპის საწარმოები ბევრად მოქნილნი არიან ისეთი ცვლილებების მიმართ, რაც მათ პროდუქციას გახდიდა უფრო ენერგო და რესურსეფექტურს, სოციალურად ეფექტიანს და რაღა თქმა უნდა – მწვანეს,“ – განაცხადა მინისტრის პირველმა მოადგილემ და ყურადღება გაამახვილა მცირე და საშუალო სიდიდის საწარმოთა შორის ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობაზე.
მისი თქმით, გაეროს მრეწველობის ორგანიზაციამ (UNIDO) შეიმუშავა რესურსეფექტური და სუფთა წარმოების მეთოდოლოგია, რომლითაც საწარმოო დანაკარგების წყაროების იდენტიფიცირება. მეთოდოლოგია აგრეთვე საშუალებას იძლევა, შემუშავებული და ამასთან შეფასებული იყოს დანაკარგების შემცირების და აღმოფხვრის როგორც შესაძლებლობა, ასევე, მიზანშეწონილობა.
კონფერენციაზე ასევე მონაწილეობდნენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე – სოლომონ პავლიაშვილი, პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე – მაია ბითაძე, აგრეთვე საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.