“საქართველოს ეს მოქალაქეები სააკაშვილის პარტიის რადიკალური წარმომადგენლები არიან” – ე.წ.სამხრეთ ოსეთის ე.წ.საგარეო უწყება
ე.წ.სამხრეთ ოსეთის ე.წ.საგარეო უწყება 6 ნოემბერს კირბალთან რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის – თამაზ გინტურის მკვლელობის და ლევან დოთიაშვილის უკანონოდ დაკავების ფაქტს გამოეხმაურა.
“არსებული ინფორმაციით, საქართველოს ეს მოქალაქეები საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პარტიის რადიკალური წარმომადგენლები არიან, მანქანით უკანონოდ გადაკვეთეს სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვარი, მისი ტერიტორიის სიღრმეში შესვლის მიზნით, თუმცა, ისინი სასაზღვრო პატრულმა აღმოაჩინა. დამრღვევებმა მიზანმიმართულად უგულებელყვეს მესაზღვრეების არაერთგზის მოთხოვნა გადაადგილების შეჩერების შესახებ და გაფრთხილებები, იარაღის გამოყენების შესახებ. უფრო მეტიც, გამოიჩინეს უკიდურესი აგრესია სასაზღვრო სამსახურის პერსონალის მიმართ, რაც საფრთხეს უქმნიდა მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. დამრღვევთა დასაკავებლად გატარებული ღონისძიებების დროს, ერთ -ერთი მათგანი დაშავდა, მოგვიანებით კი გარდაიცვალა, მეორე კი დააკავეს”, – ნათქვამია განცხადებაში.
იქვე აღნიშნულია, რომ ე.წ. რესპუბლიკაში მომხდარი განიხილება, როგორც ოფიციალური თბილისის პოლიტიკის შედეგი, რომელმაც უარი თქვა, ეღიარებინა “რეალობა, რომ საქართველოს ტერიტორია მთავრდება სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სახელმწიფო სასაზღვრო ხაზზე”.
“ამ პოზიციის შედეგი, რომლის შენარჩუნებასაც საქართველოს ხელმძღვანელობა 30 წელზე მეტია, ცდილობს, არის, მათ შორის, საქართველოს მოქალაქეების დაკავების არაერთი შემთხვევა, რომლებიც უკანონოდ შემოდიან სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე საქართველოს სამართალდამცველების დემონსტრაციული თანხმობით. ამრიგად, სახელმწიფო საზღვრის იმ მონაკვეთზე, სადაც ზემოაღნიშნული ინციდენტი მოხდა, 2023 წლის აპრილიდან დაფიქსირდა სახელმწიფო საზღვრის დამრღვევთა დაკავების ექვსი შემთხვევა”,- ნათქვამია განცხადებაში.
მათივე თქმით, “საქართველოს წარმომადგენლები ამ ფაქტებს ყველა შესაძლო საერთაშორისო პლატფორმაზე წარმოადგენენ ე.წ. „უკანონო გატაცებებად“, რაც, ოფიციალური თბილისის აზრით, კარგად ჯდება საერთაშორისო საზოგადოებისთვის დაწესებულ არარსებულ ე.წ. საქართველოს ტერიტორიის ნაწილის ოკუპაციის დღის წესრიგს”.
“მიგვაჩნია, რომ ეს პოზიცია არის აბსოლუტურად კონტრპროდუქტიული და, უფრო მეტიც, ის იწვევს მსგავსი ინციდენტების პროვოცირებას, რომლებსაც შეუძლიათ დაძაბულობის ესკალაცია. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა გააგრძელებს ყველა კანონიერი ზომების მიღებას მისი სუვერენული ტერიტორიისა და საჰაერო სივრცის საზღვრების დარღვევისგან დასაცავად.
კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ თბილისს, გაითვალისწინოს წინადადება და დაიწყოს ერთობლივი მუშაობა სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციასა და დემარკაციაზე, რაც, სხვა საკითხებთან ერთად, მოიცავს ცივილიზებული და გამჭვირვალე წესებით მისი გადაკვეთის პროცედურის განსაზღვრას”, – ნათქვამია განცხადებაში.